შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ორგანიზებით, 6-8 ოქტომბერს, აკაკი წერეთლის დაბადებიდან 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდება.
სიმპოზიუმი, სახელწოდებით „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები" სასტუმრო `შერატონ მეტეხი პალასში~ 6 ოქტომბერს, 11 საათზე, გაიხსნება.
სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები: დიდი ბრიტანეთიდან, პორტუგალიიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ლიტვიდან, ყაზახეთიდან და თურქეთიდან. საერთაშორისო სიმპოზიუმის თემაა: „კლასიკური რეალიზმის ეპოქა: მე-19 საუკუნის კულტურული და ლიტერატურული ტენდენციები".
ღონისძიება შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ გამოსაცემად მომზადებული აკაკი წერეთლის აკადემიური ოცტომეულის პირველი ტომის პრეზენტაციით გაიხსნება.
ტომი მოიცავს პოეტის მიერ 1880 წლამდე დაწერილ ლექსებს. მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც ამ დრომდე გამოცემულ არც ერთ კრებულში არ გამოქვეყნებულა.
აღსანიშნავია, რომ აკაკი წერეთლის აკადემიური ოცტომეულის პირველ ტომში შესულია ისეთი ლექსებიც, რომლებიც ახლახან იქნა აღმოჩენილი ძველ პრესასა და აკაკი წერეთლის პირად არქივში.
სიმპოზიუმზე განსახილველი თემებია: ადამიანის დანიშნულების პრობლემა, კრიტიკისა და პუბლიცისტიკის ტენდენციები, ნაციონალური ლიტერატურები და მსოფლიო ლიტერატურული პროცესი, ლიტერატურული პროცესების ტიპოლოგიური ანალიზი და სხვა.
აკაკი წერეთლის დაბადებიდან 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი 8 ოქტომბერს დაიხურება.