დღეს, ჟენევაში, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საგანგებო სხდომა გაიმართება.
საგანგებო სხდომაზე იმსჯელებენ ახალი ვირუსის გავრცელებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციებზე. ამავე სხდომაზე გადაწყდება საკითხი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს, ჩინეთის ხელისუფლებამ ხუბეის პროვინციაში, ქალაქ უხანში ახალი საშიში ვირუსის გამოვლენის შესახებ განაცხადა.
20 იანვრის მდგომარეობით დაფიქსირდა ინფიცირების 440 შემთხვევა. ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილია 9 ადამიანი.
ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები აღმოჩენილია ჩინეთის მიღმაც, სამხრეთ კორეაში, ტაილანდსა და იაპონიაში.
გუშინ გახდა ცნობილი, რომ ახალი კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა შეერთებულ შტატებში, კერძოდ ვაშინგტონის შტატში დაფიქსირდა.
მანამდე ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა.