ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ჩინეთში ახალი კორონავირუსის გამოვლენასთან დაკავშირებით, კომიტეტის საგანგებო სხდომას გამართავს. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
"კომიტეტი იკრიბება ოთხშაბათს, 22 იანვარს, ჟენევაში, რათა გაირკვეს, რამდენად არის ეს დაავადება საშიში მსოფლიო მოსახლეობისთვის და ასევე შემუშავდეს ვირუსთან ბრძოლის რეკომენდაციები", - აღნიშნულია განცხადებაში.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს, ჩინეთის ხელისუფლებამ ხუბეის პროვინციაში, ქალაქ უხანში ახალი დაუდგენელი ვირუსის გამოვლენის შესახებ განაცხადა.
20 იანვრის მდგომარეობით დაფიქსირდა ინფიცირების 238 შემთხვევა, მათ შორის, 218 - უხანში, 5 - პეკინში, 1 - შანხაიში, 14 კი გუანდუნის პროვინციაში.
ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები აღმოჩენილია ჩინეთის მიღმაც, სამხრეთ კორეაში, ტაილანდსა და იაპონიაში.
ჩინეთში ადასტურებენ, რომ ახალი კორონავირუსი გადამდებია.
როგორც იუწყებიან, კორონავირუსს შეუძლია რესპირატორული სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ნერვული სისტემის დაზიანების პროვოცირება.