თიბისიმ უზბეკეთში წინასწარი საბანკო ლიცენზია მიიღო, რაც გადამწყვეტი წინგადადგმული ნაბიჯია უზბეკეთში უახლოეს მომავალში საბანკო ოპერაციების განხორციელების მიმართულებით. საბანკო ლიცენზიის მოპოვება 2 ეტაპისგან შედგება. კერძოდ, პრელიცენზიის მიღების შემდეგ, თიბისიმ კონკრეტული ტექნიკური მოთხოვნები და სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს, რის შემდეგაც მოხდება საბოლოო ლიცენზიის გაცემა.
თიბისის სტრატეგიაა უზბეკეთში თანამედროვე საბანკო ეკოსისტემის განვითარება როგორც საცალო, ისე მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. მთავარი აქცენტი ციფრული არხების, კერძოდ ე.წ. ნეობანკის განვითარებაზე გაკეთდება. უზბეკეთის 33 მილიონიანი ბაზარი, კი ძალიან მიმზიდველი და მზარდია.
მოსამზადებელი სამუშაოები თიბისიმ უზბეკეთის ბაზარზე შესასვლელად 2019 წლიდან დაიწყო, დაარსა საპილოტე ფილიალი ტაშკენტში და შექმნა გუნდი, რომელიც იმუშავებს ბანკისთვის. ამჟამად თიბისი უზბეკეთის ეროვნული ბანკისგან საბოლოო ლიცენზიის მიღებას ელოდება, ხოლო 2020 წლის ზაფხულში დაიწყება საბანკო ოპერაციები.
პარალელურად თიბისი აქტიურად მუშაობს გადახდების სისტემის განვითარებაზე უზბეკეთში ახლადშეძენილი შვილობილი კომპანიის Payme-ის მეშვეობით, რომელიც წამყვანი კომპანიაა გადახდების მხრივ თავისი 1.8 მილიონი აქტიური მომხმარებლით.