დღეს, 19 იანვარს, ბერლინში, ლიბიის კონფლიქტის გადაჭრასთან დაკავშირებით, სამშვიდობო კონფერენცია გაიმართება.
გერმანიის დედაქალაქში შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთის, ალჟირის, თურქეთის, ეგვიპტის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, იტალიისა და ჩინეთისა დელეგაციის წევრები იკრიბებიან, რათა იმსჯელონ ლიბიის მომავლის შესახებ.
კონფერენციას დაესწრება გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და სხვები.
ლიბიის გაეროს მიერ აღიარებული ეროვნული მთავრობის მეთაურის ფაიეზ სარაჯისა და ლიბიის ეროვნული არმიის ხელმძღვანელის ხალიფა ჰაფთარის კონფერენციაში მონაწილეობის საკითხი ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული.
კონფერენციის მასპინძელი ქვეყნის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა გერმანულ გაზეთს Bild-ს განუცხადა, რომ "კონფერენცია შეიძლება იყოს ლიბიაში მშვიდობის დასადგურებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი".
მისივე თქმით, კონფერენცია აუცილებელია იმისათვის, რათა "დარწმუნდნენ, რომ ლიბია მეორე სირია არ გახდება".
კონფერენციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ტელეფონით ესაუბრა არაბეთის გაერთიანებული საემიროების ტახტის მემკვიდრეს, აბუ-დაბის პრინცს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს, სადაც კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, რომ "სამხედრო ჩარევა არ არის კონფლიქტის მოგვარების საუკეთესო გზა".
"ლიბიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება უნდა მოხდეს მოლაპარაკებების გზით. ორივე ლიდერის აზრით, ლიბიის საშინაო საქმეებში საგარეო ჩარევის დასრულება ამის აუცილებელი წინაპირობაა", - თქვა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა კანცლერისა და შეიხის სატელეფონო საუბრის შემდეგ.
ლიბიაში გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ღასან სალამემ განაცხადა, რომ ის წარმოადგენს უსაფრთხოების გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ლიბიიდან უცხო ქვეყნის სამხედროების გაყვანას.
მისივე თქმით, ის ოპტიმისტურად უყურებს მოლაპარაკებებს და თვლის, რომ კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტა საუკეთესო გამოსავალია ყველა მხარისთვის.
კონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე, ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მცდელობა ჰქონდათ მოსკოვში, სადაც დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკება გაიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიბიის ეროვნული არმიის მეთაურმა ხალიფა ჰაფთარმა მოსკოვი ისე დატოვა, რომ ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე ხელი არ მოაწერა.
2011 წელს ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მკვლელობის შემდეგ ლიბია ფაქტობრივად ორ ნაწილად გაიყო. ამჟამად ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა გამეფებული.
აღმოსავლეთ ნაწილს განაგებს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი, დასავლეთ ნაწილს, დედაქალაქ ტრიპოლში, მართავს გაეროსა და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ეროვნული თანხმობის მთავრობა.
აღმოსავლეთ ნაწილის ხელისუფლება ტრიპოლისგან დამოუკიდებლად მოქმედებს და თანამშრომლობს ლიბიის ეროვნულ არმიასთან, რომელსაც ჰაფთარი ხელმძღვანელობს.