საქართველოში შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა კელი დეგნანმა ფიცი დადო. შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ფიცის დადების ცერემონიალი სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დევიდ ჰეილი ესწრებოდა.
შეერთებული შტატების სენატმა კელი დეგნანი საქართველოში აშშ-ის ელჩად 20 დეკემბერს დაამტკიცა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად კელი დეგნანი 4 სექტემბერს წარადგინა.
კარიერული დიპლომატი კელი დეგნანი ამჟამად ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკურ მრჩევლად მუშაობს.
მანამდე იგი მუშაობდა აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ იტალიასა და კოსოვოში.
თავისი 25-წლიანი კარიერის განმავლობაში, კელი დეგნანი მუშაობდა ნატოში აშშ-ის წარმომადგენლობასა და თურქეთში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ.
ის ასევე იყო სახელმწიფო მდივნის თანაშემწე პოლიტიკურ საკითხებში.
კელი დეგნანს აქვს ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში და ფლობს იტალიურ, ფრანგულ, თურქულ და ურდუს ენებს.