შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირანთან ომის წამოწყების შესაძლებლობის შეზღუდვის განზრახვით.
დემოკრატი კონგრესმენების ინიციატივას 224-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, 194 წინააღმდეგ წავიდა. დოკუმენტს მხარი დაუჭირა სამმა რესპუბლიკელმა, ხოლო წინააღმდეგ წავიდა რვა დემოკრატი.
რეზოლუციით პრეზიდენტ ტრამპის მიმართ მოწოდებულია, ირანის წინააღმდეგ შეიარაღებული ძალების გამოყენებმადე კონგრესისგან თანხმობა მიიღოს.
ამავე რეზოლუციით, გამონაკლის შემთხვევას ირანის მიერ შეერთებულ შტატებზე განხორციელებული პირდაპირი თავდასხმა წარმოადგენს.
რეზოლუცია, რომელიც სიმბოლურ ხასიათს ატარებს და კანონის ძალა არ აქვს, საბოლოოდ დასამტკიცებლად სენატს გაეგზავნება.
შეერთებულ შტატებს და ირანს შორის დაძაბულობის ახალი ტალღა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი მეთაურის გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობას მოჰყვა.
ყასემ სულეიმანი 3 იანვარს ბაღდადში, აშშ-ის სარაკეტი იერიშის შედეგად მოკლეს.
საპასუხოდ, ირანმა 8 იანვარს, ერაყში მდებარე ორ ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო შეტევა განახორციელა.