ხვალ, 5 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნება ტაო-კლარჯეთისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც რუსთაველის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. კონფერენციას გახსნიან ხელისუფლების წარმომადგენლები.
პროექტის მიზანია ტაოკლარჯეთის შესწავლის სფეროში აკუმულირებული ცოდნის შეჯამება, აქტუალური საკითხების წინ წამოწევა, სამომავლო კვლევითი პერსპექტივების დასახვა.
კონფერენციის მსვლელობისას ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით "ტაო-კლარჯეთის ხელნაწერი მემკვიდრეობა", რომლის დათვალიერების შესაძლებლობა მიეცემა ფართო საზოგადოებას.
პროექტის საბოლოო შედეგი იქნება ტაო-კლარჯეთის კვლევითი თემატიკის აქტუალიზაცია, ამ სფეროში მოღვაწე მკვლევართა დაახლოება, დაგროვილი ინტერდისციპლინირებული ცოდნის ურთიერთგაზიარება და საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში ინტეგრაცია.
პროექტის ფარგლებში იგეგმება კონფერენციის მასალების კრებულის გამოცემა სახელწოდებით "ტაო-კლარჯეთი".
კონფერენცია გაიმართება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ორგანიზებით.