შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ აშშ-მა მაღალი რანგის სამხედრო პირი ყასემ სულეიმანი მოკლა "ომის შესაჩერებლად და არა ომის დასაწყებად".
"ჩემი ბრძანებით, ამერიკელმა სამხედროებმა ჩაატარეს უზადო ოპერაცია და მოკლეს მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი ყასემ სოლეიმანი. იგი ამზადებდა თავდასხმებს ამერიკელ დიპლომატებსა და სამხედრო პერსონალზე", - თქვა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე.
ტრამპის თქმით, ვაშინგტონი არ ცდილობს ირანში რეჟიმის შეცვლას, მაგრამ მის მოქმედებებს აგრესიულად და რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევად მიიჩნევს.
"ღრმა პატივისცემით ვარ გამსჭვალული ირანელი ხალხის მიმართ. ისინი შესანიშნავები არიან, თავიანთი ბრწყინვალე მემკვიდრეობითა და უსაზღვრო შესაძლებლობებით", - დასძინა ტრამპმა.
შტატების პრეზიდენტის თქმით, ამერიკა ისწრაფვის მშვიდობისკენ, თუმცა თუ ამერიკელების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქება, მზად იქნება შესაბამისი ზომების მისაღებად.
"შეერთებულ შტატებს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი შეიარაღება აქვს. ჩვენ გვაქვს ასევე მსოფლიოში საუკეთესო დაზვერვა. თუ ამერიკელების სიცოცხლე საფრთხე დაემუქრება, ყოველთვის მზად ვიქნები, მივიღო შესაბამისი ზომები. ამერიკა ესწრაფვის მშვიდობასა და ჰარმონიულ თანაცხოვრებას მსოფლიოს ყველა ერთან", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, აეროპორტის სიახლოვეს, შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის დროს, მოკლეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი ელიტარული ქვედანაყოფის "ყუდსის" ლიდერი, გენერალი ყასემ სულეიმანი.
გენერალ სულეიმანის მკვლელობის გამო ირანში 3-დღიანი გლოვა განაცხადა. ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანი ყასემ სულეიმანის გამო შურს იძიებს.
31 დეკემბერს ბაღდადში საპროტესტო აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ ერაყში შეერთებული შტატების საელჩოს და მის ტერიტორიაზე შეჭრას შეეცადნენ. თუმცა მათი მოგერიება მოახერხეს ამერიკელმა სამხედროებმა.
საპროტესტო აქციის მონაწილეები გმობენ აშშ-ის მიერ ერაყში განთავსებულ "ჰეზბოლას" ობიექტებზე განხორციელებულ ავიაიერიშს, რომელსაც 25 ადამიანი ემსხვერპლა.
აშშ-ის საელჩომ ბაღდადში, საპროტესტო აქციების გამო, მუშაობა შეწყვიტა.