მსოფლიოში ცნობილმა ბრიტანელმა მეცნიერმა რობერტ ედვარდსმა, რომლის გამოკვლევის წყალობითაც 1978 წელს სინჯარიდან პირველი ბავშვი გაჩნდ, ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში 2010 წლის ნობელის პრემია მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ავრცელებს.
ნობელის კომიტეტის ინფორმაციით, 85 წლის კემბრიჯელი პროფესორი პრემიას 10 მილიონი შვედურ კრონის ოდენობით (1,5 მილიონი აშშ დოლარი) ექსტრაკორპორალური განაყოფიერების მეთოდის შემუშავების გამო მიიღებს, რომლის მეშვეობითაც უამრავმა უშვილოდ მიჩნეულმა წყვილმა მშობლებად გახდომის ბედნიერება მიიღო.
ბრიტანელი პროფესორის ღვაწლმა უშვილობის მკურნალობაში ნამდვილი გარღვევა შეიტანა, მედიკოსების შეფასებით, უშვილობის გამო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით წყვილების 10 % იტანჯება. ედვარდსი და მისი კოლეგა ამ მეთოდზე 1950-იანი წლებიდან მუშაობდნენ.
აღნიშნული მეთოდით ჩასახული პირველი ბავშვი ქვეყანას 1978 წელს მოევლინა. ეს იყო გოგონა ლუიზა ბრაუნი. მანამდე ლუიზას დედა 9 წლის განმავლობაში უშვილობას მკურნალობდა.
ყოფილი საბჭოთა კავშირიდან კი ამ მეთოდით გაჩენილი პირველი ბავშვი გახდა ქალაქ კრასნი ლუჩის მაცხოვრებელის ელენა დონცოვას შვილი. ბავშვი 1986 წელს გაჩნდა.
აღსანიშნავია¸რომ ლუიზა ბრაუნს დღემდე თბილი ურთიერთობები აქვს რობერტ ედვარდსთან.
შეგახსენებთ, რომ ფიზიოლოგიისა და მედიცინის სფეროში ნობელის პრემიის ლაურეატის დასახელებით დღეს შვედეთში ნობელის 109-ე კვირეული გაიხსნა. თავის ანდერძში ალფრედ ნობელმა ფიზიოლოგიისა და მედიცინის სფეროში ლაურეატის დასახელების ამორჩევა სტოკჰოლმში არსებულ კაროლინის ინსტიტუტს უანდერძა.
მასთან არსებული ნობელის კომიტეტი შედგება ხუთი მუდმივი წევრისაგან, რომელთაც თავის მხრივ აქვთ უფლება კონსულტაციებისათვის ექსპერტები მოიწვიონ. ტრადიციისამებრ, ნობელის კომიტეტები ბოლო მომენტამდე არაფერს აცხადებენ არ პრემიის პრეტენდენტებზე და არც მათზე ვინც ისინი ამ პრემიაზე წარადგინა.
5 ოქტომბერს შვედეთის დედაქალაქში ფიზიკის სფეროში ნობელის კომიტეტი გადაწყვეტილება გახდება ცნობილი. 6 ოქტომბერს - ქიმიის სფეროში, 7 ოქტომბერს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი დასახელდება. 8 ოქტომბერს მსოფლიო მშვიდობის დარგში ლაურეატის ვინაობა გახდება ცნობილი. ბოლოს კი, 11 ოქტომბერს დასახელდება ლაურეატი ეკონომიკის სფეროში.
მასალის გამოყენების პირობები