ქართული ნიჭის დღესასწაული
ნინო ჩხეიძეს ყველა იცნობს არამხოლოდ როგორც ლეგენდარული უშანგი ჩხეიძის დას. იგი გამორჩეული მსახიობია ქართულ თეატრში, - სახასიათო როლების ბრწყინვალე შემსრულებელი, თბილი იუმორით აღსავსე, უაღრესად მართალი სცენაზეც და ცხოვრებაშიც. მის პიროვნულ ხიბლს იმერული კოლორიტი ამშვენებს. მას არ უთამაშია დედოფლები და გმირი ქალები. აძლევდნენ პატარა როლებს და მისი ბუნებრივი ნიჭი ამ ეპიზოდურ სახეებს მატებდა მასშტაბს.
ძალიან ცოტაა ქართულ თეატრში ასეთი მსახიობი, - მცირე როლებით დიდ სათქმელს რომ გვიტოვებენ! ის თამაშობდა ყოველთვის ცოცხალ ადამიანებს ჩვენი ცხოვრებიდან, უღიმღამო ყოფიდან და ქმნიდა დაუვიწყარ ხასიათებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნინიკო ჩხეიძის როლებში განუყოფლადაა შერწყმული არტისტისა და ლიტერატურული გმირის თვისებები. არ ბაძავდა არავის, მან აირჩია თავისი გზა; არც იმით უსარგებლია, რომ უშანგი ჩხეიძის და იყო, თუმცა კი ყველასგან განსაკუთრებულ მოწიწებას გრძნობდა, როცა გაიგებდნენ, რომ უშანგის და იყო!
ჩრდილში დგომა აირჩია, არ აწუხებდა არავის, არ ითხოვდა ტიტულებსა და ორდენ-პრემიებს. მარჯანიშვილის თეატრის „ვარსკვლავთცვენაში“ დამკვიდრდა ნელ-ნელა, უბრალოდ და უხმაუროდ. და, თუ როლიდან როლში ყოველ პერსონაჟს ეტყობა რაღაც განსაკუთრებულად საერთო თავად მსახიობისა - ეს მისი პიროვნების თავისებურებაა და სწორედ ეს „რაღაც“ ადვილად მიგახვედრებთ, რომ სცენაზე ნინიკო ჩხეიძე დგას!
შინაგანი ზნეობრივი ცენზორი, როგორც საიმედო და ვალიდური ინდიკატორი, განსაზღვრავს ნინიკო ჩხეიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას. ღირებულებათა ტოტალური კრიზისის პირობებშიც კი არ ღალატობდა თავის პიროვნულ მრწამსს, ერთგულად იცავდა ტრადიციებსა და ფასეულობებს. არც სხვათა დაცინვითა და აუგის თქმით უვლია კარიერისკენ. ერთხელ მითხრა: თუ სადმე არის შური და მტრობა, უპირველესად, თეატრი უნდა დავასახელოო. ამისი კონკრეტული მაგალითი შინ ჰყავდა, მეფე-მსახიობი, ძმა, რომელიც ძმადნაფიცისა და მეგობრის ბოროტი ამბიციის მსხვერპლად იქცა. ალბათ, ამიტომაც (თუნდაც პროტესტის ნიშნად) თეატრისათვის ასე ჩვეული და დამახასიათებელი ინტრიგებისთვის არასდროს ეცალა.
ნინო ჩხეიძე ვერ ეგუება პიროვნულ უსახობას, შიშველ ელეგანტურობასა და პიკანტურობას. მუდამ იმედიანადაა განწყობილი და მისი დაუსრულებელი ოპტიმიზმი არ გაძლევს უფლებას, მოდუნდე, გული გაიტეხო, სასოწარკვეთაში ჩავარდე. მისი სიკეთე სწვდება ყველაფერს: რამდენჯერ დაურეკავს: ჩამოდი, სასწრაფო საქმე მაქვსო. მივვარდებოდი და დამახვედრებდა პარკებში ჩაწყობილ ჩურჩხელებსა და კანფეტებს, ბოთლით ტყემალსა და ღვინოს, ხილს...
როცა ძალიან მძიმე პერიოდი იყო, მე-20 საუკუნის 90-იანი წლებში, მახსოვს, როგორი მზრუნველობით მთხოვდა: მოდი ყოველ კვირას და ფულს გაჩუქებ... ასე უთქმელი და მორიდებული რომ ხარ, გაგიჭირდება ცხოვრებაო. ბევრი გააკეთებს ამას?! არავის, არც მანამდე და არც შემდეგ, ჩემთვის მსგავსი რამ არ უთქვამს - ასეთი თანადგომა მხოლოდ ნინიკო ჩხეიძეს შეუძლია! რამდენიმე წლის წინ მთხოვა, მსახიობ გოჩა კაპანაძისთვის გადამეცა რაღაც. ჩავედი. საჩუქარი პარკში იდო. თან ფულს მაძლევს, - ტაქსით წაიღეო. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავვარდებოდი. შეიქნა გაწევ-გამოწევა. ვუხსნი, ამდენი ტაქსს არ უნდა-მეთქი... მაინც ვერაფრს გავხდი. მერე საშველად მის შვილს მივმართე. მაია მეუბნება: აჰ! მაგან თავისი ძმების სული დაიფიცა და არაფერი გამოგივა - უნდა გამოართვაო! ასეთი შეუვალი და პრინციპულია ჩვენი ნინიკო - უღალატო ადამიანის ჭეშმარიტი სახე და ნიმუში!
გადავხედოთ მსახიობის განვლილ გზას, ცხოვრების ეტაპებს, ძირითადად, მისივე თხრობით. მის ფრაზებში თქვენ თვალწინ წარმოდგება ნ. ჩხეიძის მარად მშფოთვარე და დადუდგრომელი ნატურა, თავისი იშვიათი ხიბლითა და იმერული სურნელით!
ხსოვნას შერჩენილი ზესტაფონი
მსახიობის ცხოვრება იმერეთში - ზესტაფონში დაიწყო. დედა ვაშაძის ქალი იყო, შეძლებული ოჯახის შვილი, მრეწველის ასული, სიმდიდრით განთქმული; მამას ექვსი კლასის განათლება ჰქონდა მიღებული, რუსული ენის ბრწყინვალე მცოდნე ყოფილა. მათი პირმშო ჩვილობაშივე გარდაცვლილა, უშანგი მეორე შვილი იყო, ნინიკო ჩხეიძეზე 22 წლით უფროსი:
- „როცა დედაჩემს ვუსაყვედურე, არ შეგრცხვა, 22 წლის ვაჟკაცი თავზე გადგა და შენ პატარა ბავშვს აჭყავლებდი-მეთქი?! გაკვირვებულმა მიპასუხა: ბავშვის მუცლად მოწყვეტა უდიდესი ცოდვაა, ამას როგორ ჩავიდენდიო!
უშანგიმ და ჩემმა მეორე ძმამ რუსული განათლება მიიღეს, დანარჩენი ხუთ დას, მათ შორის მეც, მოგვისწრო საქართველოს გასაბჭოებამ - ზესტაფონში გაიხსნა სკოლები და აღარც რუსული ენა გვაწუხებდა და აღარც - ფრანგული. უზარმაზარი ადგილ-მამულების მეპატრონეები ვიყავით როგორც სოფელ ფუთში, ისე - ზესტაფონშიც. მაგრამ, კოლექტივიზაციის წყალობით, ჩამოგვართვეს ვენახები, ზვრები, ველები, მინდვრები, ტყეები და ზესტაფონში დაგვიტოვეს პატარა „შეკვრიტინებული“ ეზო, სადაც ჩემი მამაპაპეული ოდა დგას და, სადაც ახლა უშანგი ჩხეიძის სახლ-მუზეუმია გახსნილი.
გადასარევი მოსწავლე ვიყავი: სულ გადაჭიკჭიკებული იყო სკოლის სპატიო დაფა ჩემი სურათებით (ცოტა ტექნიკურ საგნებში მიჭირდა). სკოლაშივე ვწერდი ჯერ ლექსებს, მერე პროზაში მოვსინჯე ჩემი თავი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ვთამაშობდი პიესებში. მე-7 კლასში ვიყავი, როცა სასკოლო სპექტაკლში წუკას ბებია ვითამაშე. მეხვეოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ გადასარევად ვასრულებდი როლს. განა რა უნდა მეთამაშა, მაგრამ უშანგის დაუკავშირეს ეს ყველაფერი. ვკითხულობდი ლექსებს...
განსაკუთრებული სიყვარულით თავის ქართულის მასწავლებელს, ვარლამ თავაძეს, იგონებს. მეც მინდოდა ისეთი მასწავლებელი ვყოფილიყავი, როგორიც ის იყო - ამბობს მსახიობი. სწორედ ეს ფაქტი გახდა მიზეზი იმისა, რომ 1939 წელს ზესტაფონიდან თბილისში ჩამოსულმა ნინო ჩხეიძემ საბუთები სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე შეიტანა.
სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მარჯანიშვილის თეატრის სამსახიობო ხელოვნების აკადემიამდე
- „ჩავაბარე ჩემს საოცნებო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მეცნიერების ამ თეთრ ტაძარში მოხვედრა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. კარგი სტუდენტი ვიყავი. მასწავლიდნენ ქართული მეცნიერების კორიფეები: კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე, არნოლდ ჩიქობავა, ვარლამ თოფურია, გიორგი ახვლედიანი, აკაკი შანიძე, სიმონ ყაუხჩიშვილი... - ეს იყო ცხოვრების დიდი სკოლაც!“
ზესტაფონიდან ნინიკო ჩხეიძე ძმასთან ჩამოვიდა - ეს იყო და-ძმის თანაცხოვრების პირველი შემთხვევა. მანამდე ის უშანგის იშვიათდ ზაფხულობით ხედავდა ზესტაფონში და მაშინაც მამლებსა და ინდაურებს დასდევდა სახრით, რომ მათს ყივილსა და ქოთქოთს არ შეეწუხებინა დიდი მსახიობი. ახლა კი თბილისში ძმასთან ისეთი ზღაპრულ-რომანტიკული სულიერი გარემო დახვდა, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენდა, ვერც ინატრებდა. ეს იყო ხელოვნების საუფლოში დანთებულ სულთა ციაგი.
შთაბეჭდილებებმა, ნანახმა და განცდილმა - „ჩემი ნაოცნებარი უნივერსიტეტი მიმატოვებინა. აბა, წარმოიდგინეთ, როგორი უნდა ყოფილიყო უშანგი ჩხეიძის იდუმალი სამყარო, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა. დავხურე უნივერსიტეტის ხუთივე კურსი, მაგრამ უკვე სახელმწიფო გამოცდებზე აღრ გავედი, მივედი ჩემს ძმასთან, წამოწოლილი იყო, რაღაცას კითხულობდა და ვუთხარი: მიშუამდგომლე მარჯანიშვილის თეატრის დირექტორთან და სამხატვრო ხელმძღვანელთან, შალვა ღამბაშიძესთან, რომ თეატრში მიმიღოს-მეთქი. უშანგი გაოცდა, წამოჯდა საწოლზე, მთელი კორპუსით შემობრუნდა ჩემკენ, გაშტერებული მომჩერებოდა. მერე მომკიდა ხელი, მიმიყვანა სარკესთან და მეუბნება: განა, რა განათლების პატრონი შენ ხარ: ჭკუა არა გაქვს, ნიჭი და გარეგნობა; რას გიგავს სიფათი, კაცი რომ დაგინახავს, გაიქცევა; ან რა როლები უნდა ითამაშო - რაღაც მთლად დალაგებული ვერ ხარო. რა თქმა უნდა, ჩემი ძმის დიდი ხათრი მქონდა, მაგრამ, რადგან ახლა ჩემი ყოფნა-არყოფნის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო, შევბედე და ვუპასუხე: რანაირი სიფათიც მაქვს, ისეთ როლებს ვითამაშებ-მეთქი. ბოლოს უშანგიმ მითხრა: რახან ასე გინდა მსახიობობა, და, რადგან თვალი უნდა დავხუჭო შენს ნიჭსა და გარეგნობაზე, აგერაა, ბატონო, თეატრალური ინსტიტუტი, შედი, ისწავლე, დაამთავრე და თეატრში მისვლაზე მერე იფიქრე. ასეთი თავხედი როგორ უნდა იყო, რომ ამხელა თეატრში, აკადემიურ თეატრში, მოგინდეს მსახიობობა.
- კიდევ სწავლა? ამდენი ხანი როგორ მოვიცადო, მე ახლავე მინდა მსახიობობა-მეთქი, - ვუპასუხე. მოკლედ, შევუწუხე გული, ორჯერ-სამჯერ შევახსენე კიდეც. მერე ამიხსნა: ასე ერთბაშად არ შემიძლია გადავწყვიტო შენი ბედი და მომავალი, დრო მჭირდებაო. გავიდა ორიოდე თვე და ერთხელაც ვხედავ, გაქათქათებული კონვერტი უჭირავს ხელში და მეუბნება: წადი ახლა მარჯანიშვილის თეატრში შალვა ღამბაშიძესთან, მიუტანე ეს კონვერტი, იქნებ მიგიღოსო... ეს იმხელა დათმობა იყო უშანგის მხიდან, ისეთი მხარდაჭერა და ანგარიშის გაწევა თავისი უმცროსი დის მიმართ, რომ სიხარულით ლამის გული გამისკდა“.
სამსახიობო გზის დასაწყისი
- „ფრთებგამოსხმულმა ჩავირბინე თეატრში. შ. ღამბაშიძის მდივანმა მკითხა: რა გნებავთო. ავუხსენი, რომ წერილი გამომატანა უშანგი ჩხეიძემ-მეთქი. მანაც ერთბაშად წარმტაცა ხელიდან ეს კონვერტი და შეიტანა დირექტორთან. აწურული ვდგავარ კართან. ათი წუთის შემდეგ ოთახიდან მესმის სიცილ-ხარხარი. მივხვდი, რომ ბატონი შალვა ხმამაღლა კითხულობდა უშანგის წერილს. შევწუხდი: რა შეუბრალებლები არიან ჩემ მიმართ ჩემი ოჯახის წევრები, ნეტავ, რა წერია ასეთი იმ წერილში, რომ ხალხი გადაფიჩინდა სიცილისაგან-მეთქი. თურმე უშანგი სწერდა: გიგზავნით ჩემს დას. ეტყობა, ისეთი ნიჭიერია, რომ არ უნდა ქართველ ერს დაუკარგოს თავისი ტალანტი და, თუ შესაძლებელია, მიიღეთ თეატრშიო...
ბატონი შალვა გამოვიდა, მომეფერა, დამიყვავა და მითხრა: გამიხარდა, ეს სურვილი რომ გაგჩენია. უშანგი ისე არ გამოგგზავნიდა ჩემთან, რამე სახეიროს რომ არ გატყობდესო.
თავად მე უშანგი სცენაზე არ მინახავს. როცა თბილისში ჩამოვედი, მას თეატრი უკვე მიტოვებული ჰქონდა. როგორც გითხარით, ჩვენ შვიდნი ვიყავით, მე - ნაბოლარა, რომელიც ყველას ფეხებში ვებლანდებოდი და ვინ ჩამომიყვანდა აქ უშანგის სცენაზე სანახავად?!
1926-27 წლებში უშანგის ზესტაფონსა და ქუთაისში ჰქონდა გასტროლები, მაგრამ არც იქ წამიყვანეს. დედაჩემმა მითხრა: რვა საათზე ქათამივით გეძინება და სად გაპორწიალო. რად გინდა წარმოდგენის ნახვა. აგერ გყავს მარჯანიშვილი, ახმეტელი, ხორავა, ვასაძე, ჭავჭავაძე და ანჯაფარიძე... ჩვენს ეზოში ქეიფობენ და აქ უყურე, ეს უფრო საინტერესოაო - ასე მატყუებდნენ“!
როცა მარჯანიშვილის თეატრში მიმიღეს, ლევან გოთუას „დავით აღმაშენებელი“ იდგმებოდა. მასიურ სცენაში დამაყენეს: ისეთ მიზანსცენაში მოვხვდი, რომ აქეთ მედეა ჯაფარიძე დამიდგა გვერდით და იქით - მარინე თბილელი. ტირილი დავიწყე და ვთხოვე ვახტანგ ტაბლიაშვილს: ცოტა სხვაგან გადამიყვანეთ, ამ ორი ლამაზმანის გვერდით მე, მათხოჯი რომ ვდგავარ-მეთქი. ეგ არაა თქვენი საქმე, ბატონო, დადექით იქ, სადაც მე დაგაყენეთ! - მიპასუხა.
სანამ სცენაზე ფეხს დადგამდა, ნინიკო ჩხეიძესთან მივიდა სერგო ზაქარიაძე (რომელიც ზესტაფონში მისი მეზობელი იყო), და უთხრა: „გილოცავ თეატრში მოსვლას! არასოდეს დაგავიწყდეს, რომ უშანგის და ხარ“.
პირველი სერიოზული როლი იყო ლამაზისეული „კაცია-ადამიანში?!“, რომელიც ვ. ყუშიტაშვილმა დადგა. ეს იყო 1943 წელი.
- ტყავში ვძვრებოდი, რათა პატარა როლით მეთქვა დიდი სიტყვა. ფაქტურა არ მქონდა, რომ გმირები მეთამაშა. ხანდახან, როცა გამიჭირდებოდა როლის გაგება, უშანგის ვთხოვდი: დამეხმარე გააზრებაში-მეთქი. ასე მიპასუხა: წადი, დადექი მარჯანიშვილის თეატრის კულისებში, უყურე, როგორ თამაშობენ „ვარსკვლავები“ და ისწავლი, როგორ უნდა არტისტობაო. რაღაცას რომ წავუკითხავდი, არ შემომხედავდა, თავდახრილი მისმენდა. ერთხელაც ვკითხე: რატომ არ მომჩერებიხარ-მეთქი? - მე რომ შემოგხედო, მაშინვე შეგეშლება, მთავარი ძაფი გაგიწყდება და დაიბნევიო.
დღეს სიამოვნებით ვამბობ, რომ დამთავრებული მაქვს ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მარჯანიშვილის თეატრის სამსახიობო დაოსტატების აკადემია!“
თავისი სამსახიობო კარიერის მწვერვალად ცირუნიას როლს მიიჩნევს სპექტაკლში „მთვარის მოტაცება“. ამდენი სახასიათო როლების შემდეგ თეატრში, კინოსა თუ სატელევიზიო დადგმებში, ცირუნია იყო პირველი დრამატული როლი. თარაშ ემხვარს თამაშობდა მერაბ თავაძე.
- „ერთ რეპეტიციაზე სპექტაკლის რეჟისორი რეზო მირცხულავა პარტერიდან მეუბნება: დაიჩოქე და წვივები დაუკოცნე თარაშს, შენი გაზრდილიაო. მე ვუთხარი: დაიცადეთ, ბატონო რეზო, ორი დღეა ეს თავაძე რაც თეატრში მოვიდა, გავიცნო კარგად და მერე მუხლებსაც დავუკოცნი და ფეხებსაც-მეთქი. ამის შემდეგ თავაძე გადმოსახლდა ჩემთან, დამდევდა უკან, რომ შეეყვარებინა ჩემთვის თავი. დამყვებოდა პურზე, ბაზარში, თეატრში ... ყველგან და მე რა გული მომითმენდა, ისეთი ვაჟკაცი, როგორიც მერაბია, არ შემყვარებოდა. ის იყო თარაშ ემხვარის როლის ერთ-ერთი დიდებული შემსრულებელი. კონსტანტინე გამსახურდია ესწრებოდა ყველა რეპეტიციას. ერთ სცენაში ვუყვებოდი თარაშს, როგორ გარდაიცვალა დედამისი, რომ შაბათ საღამოს თავი დაიბანა, ილოცა, დაწვა და მერე აღარც ამდგარა, ნათელი დაადგეს მის სულს! თარაში დედის სავარძელში იჯდა, მისი „ფსალმუნნი“ ეკავა ხელში, ცრემლიანი თვალი უციმციმებდა და მეუბნებოდა, მიმღერე რამეო და მეც ვმღეროდი „მოუოხე ბატონებოს“, ჩონგურზე მასწავლეს დაკვრა და თავად ვუკრავდი. მერე მეტყოდა, „შოუ ნანაც“ მიმღერეო და მასაც ვმღეროდი. ამ დროს ბატონი კონსტანტინე პარტერიდან ამოხტა სცენაზე, დამიკოცნა სახე, მეფერა... ეს სურათი აჩვენეს ტელევიზიითაც, როგორც ერთგვარი რეკლამა მაყურებლის მოსაზიდად წარმოდგენაზე“.
მთავარი მისია
- „მეც მინდოდა მეზრუნა ჩემი ძმის სახელის უკვდავებისთვის და ამიტომაცაა ორი მუზეუმი: ერთი ზესტაფონში, ჩვენს ოდა სახლში და მეორე აქ, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, უშანგის ბინაში“. 50 წელზე მეტი ერთგულად, ბავშვური გულწრფელობით ემსახურა ძმის სახელის უკვდავყოფას, მისი მემკვიდრეობის შენახვის, გამრავალფეროვნების, შესწავლის საქმეს. დაწერა წიგნი „უშანგი ჩხეიძე“.
„არც ფული მქონდა და არც პური, მაგრამ უმდიდრესი ადამიანი ვიყავი იმ ამაღლებული სულიერი სამყაროთი, რომელიც ჰქონდა ჩემს ძმას. როცა ის დიდუბიდან მთაწმინდაზე გადაასვენეს და ვერიკოსა და სერგო ზაქარიაძის გვერდით დაკრძალეს, ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ამაღელვებელი დღე, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი! დილის 6 საათზე დამიბარეს დიდუბის პანთეონში, საფლავი გახსნილი დამხვდა. თავზე ოთარ მეღვინეთუხუცესი მადგა და ღვარღვარით ჩამოსდიოდა ცრემლები. მე არ ვტიროდი. დავცქეროდი ჩემი ძმის საფლავს და ვიმეორებდი: სად არის, ბიჭო, შენი ბრიალა თვალები-მეთქი. როგორც ჩანს, ქართველმა ხალხმა ასე გადაწყვიტა – ჩემი ძმის ადგილი მთაწმინდაზეა, იქ, სადაც ქართული ეროვნული სულის ნამდვილი კორიფეები განისვენებენ!
მერე იყო ძეგლის დადმის მთელი დავიდარაბა. ეს ძეგლი ელგუჯა ამაშუკელის ხელოვნების ნიმუშია, მაგრამ მისი ბრინჯაოში ჩამოსხმა და დადგმა საკმაოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. დღეს ხელგაშლილი იაგო ამშვენებს მთაწმინდაზე უშანგი ჩხეიძის საფლავს. ზესტაფონის დახმარების გარეშე უშანგის საფლავი ახლაც უძეგლოდ იქნებოდა.
გულწრფელად ვამბობ, იმ ჩემი საფიცარი ძმების სულს გეფიცებით, რომ მე არაფერი არ შემიქმნია იმის ფასი, რომ ვინმემ ჩემი იუბილე აღნიშნოს! ჩემისთანა ყოველი მეორე არტისტია საქართველოში. რაღაც კრუნცხიანი საცოდავი როლები და ეპიზოდები მაქვს ნათამაშები, რომ გადახედო, იტყვი: რა ღარიბი, დაკნინებული, არაფრისმთქმელი შემოქმედება ჰქონია ამ ქალსო.
ჩემი ყველაზე დიდი „დამსახურება“ ისაა, რომ უშანგი ჩხეიძის და ვარ და ვემსახურები იმ საქმეს, რომელსაც უშანგი ემსახურებოდა. საერთოდ, თუ დარჩა ჩემი სახსენებელი ქართულ თეატრში, ასე მომიგონებენ: ეს ისაა, უშანგის და რომ იყოო?! და, მართლაც, ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი წოდება!!!“
მრავალსახეობა სიყვარულისა
პირველი სიყვარული ნინო ჩხეიძეს სკოლაში ეწვია:
- „ჩემს ჯგუფში ჯერ ბაღში და მერე სკოლაში სწავლობდა ლევიკო საყვარელიძე, ძალიან მომწონდა და მიყვარდა, თუმცა ეს სიყვარული ჩემს გულში ჩუმი და უთქმელი იყო. ჯერ ერთი, პატარა, ღლაპი ვიყავი და რას ვიტყოდი, ვერც გავბედე და, მეორეც, რამე რომ მეთქვა, ჩემი ძმა ხომ ლეკურით წამაცლიდა თავს. ეს სიყვარული ზესტაფონში დარჩა!
მერე ხახუტა გოცაძეს შეუყვარდა, კაი ბიჭი იყო ხახუტა, მაგრამ მე გლეხს ვერ გავყვები-მეთქი - გამოვაცხადე. ამის გამო ლექსიც მიუძღვნეს: „ჩხეიძე ნინო, ბიქტორის შვილო, / ხახუტასთვის სიცოცხლე ხარ, ოქროზე ძვირო, / ძაან ნუ გაიპრანჭები, შე მარტო ცხვირო!“
მიყვარდა ოთარ მეღვინეთუხუცესი, მაგრამ გურანდასი მეშინოდა; მიყვარდა რეზო ჭიჭინაძე (რეზო ვის არ უყვარდა, ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ იყო დარჩენილი, მთელი ქალაქი მასზე იყო შეყვარებული). მიყვარდა გივი ბერიკაშვილიც; ედუარდ შევარდნაძე მეთორმეტე სიყვარული იყო... 2010 წელს, ფეხი რომ მოიტეხა, ქირურგი, ტრავმატოლოგი ლუხუმ ჭანტურია შეუყვარდა. ტანში ჟრუანტელი უვლიდა 91 წლის ნინიკო ჩხეიძეს, ისეთი მომხიბვლელი ქირურგი ადგა თავზე. ამ „უკანასკნელი სიმღერა-გრძნობის“ შესახებ წერილიც დაწერა: „ბებრის ყვავილობა“ დაარქვა. თუმცა, ეს რომანტიკული გატაცებანი, „სიყვარულები“, ხანმოკლე იყო, რამდენიმე თვე გრძელდებოდა.
ასეთივე ხანმოკლე აღმოჩნდა მისი ქორწინება. ქალბატონ ნინოს ახლაც თანს სდევს მუსიკა, როგორც ირაციონალური ფენომენი. სულ მღერის - ამით ჩემს სათქმელს უფრო გამოვხატავო! მომავალი მეუღლე, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გიორგი ტატიშვილი, მუსიკალური ნიჭისა და ტალანტის უპირატესობით შეარჩია.
ჩემმა ძმამ მოლოცვაც ვერ მოასწრო, ისე მალე დავშორდით ერთმანეთსო, - დანანებით გაიხსენა. კარგად ახსოვს, როგორ შეაფასა უშანგიმ მისი საქმრო, როგორც უაღრესად განათლებული, ერუდირებული და ჭკვიანი. „ძალიან მიყვარდა გოგი ტატიშვილი და დღესაც მიყვარს! როცა ის წამიმღერებდა: „Ты постой, постой, красавица моя!“ - თავი ყველაზე ბედნიერ და ლამაზ ქალად წარმომედგინა!“
ამ ერთადერთი ქორწინებიდან ქალიშვილი ჰყავს, ისიც მსახიობი, ქალბატონი მაია ტატიშვილი, რომელიც ბიძისა და მშობლების თეატრში საიმედო დასაყრდენ ბოძად დგას, ერთგული მეგობარი და ნიჭიერი მსახიობი! შვილთაშვილიც სამსახიობო გზას გაჰყვა, - ტრადიცია გრძელდება!!!
არშემდგარი "რომანი"
ერთ კურიოზს ასე იგონებს მსახიობი:
- „საახალწლოდ ტელევიზიით გაუშვეს ვაჟა-ფშაველას „ტყის კომედია“, თაგვს ვთამაშობდი. ცოტა ხანში მომივიდა წერილი, მწერდა ვინმე ტალახაძე, 40 წლით ჩემზე უმცროსი. როგორც ჩანს, აფიშაზე მოეწონა ჩემი სახელი, გვარი, ტიტულები (სახალხო არტისტიც რომ ვიყავი, ალბათ ესეც) და მაინცდამაინც მე მომწერა, თანაც წერილს დაურთო ამონაწერები, ქსეროქსზე გადაღებული წითელი ჯვრისა თუ სხვადასხვა ორგანიზაციიდან, სადაც კი უმუშავია. გადასარევი წერილი იყო, 10 ფურცელი.
მეკითხებოდა: თუ გაქვს აგარაკი მთაში, ბარში, ზღვაზე; თუ გყავს მანქანა, რა მარკის, რა ფერის, როგორი ნომრებით; ვინ გყავს ზემდგომ ორგანოებში ნაცნობები; რა აზრის ხარ ქორწინებამდე სქესობრივ ურთიერთობაზე, - შევთანხმდეთ და დავქორწინდეთო. წერილს თავისი სურათიც მოაყოლა - აწოწილი იყო, გრძელი-გრძელი, ჩურჩხელასავით! კითხვის ნიშანს ჰგავდა, ისეთი იყო, მაგრამ, რადგან არ ვუპასუხე და მისი გრძნობები არ მივიღე, როგორც ჩანს, ეწყინა!
ამ ამბიდან ცოტა ხანში კრება დაინიშნა თეატრში. პენსიაზე არ გაუშვათ მსახიობებიო - ამბობდა გაიოზ კანდელაკი. ვინ არიან საპენიო ასაკისო - იკითხეს დარბაზიდან. ასეთთა ჩამონათვალში ჩემი გვარიც გაისმა. უცებ წამოხტა შოთა მშვენიერაძე: რას ამბობთ, ქალი თხოვდება, 40 წლით უმცროს ბიჭზე უნდა დავაქორწინოთ და ახლა უშვებთ პენსიაზე, არ გრცხვენიათო?!... დაწვა თეატრი, ხოხავდნენ პარტერში, ისეთი ამბავი ატყდა ამ კრებაზე“.
დაუძლეველი სევდა
- ენატრება მარჯანიშვილის თეატრი, 46 წელი იდგა მის სცენაზე! ყველა როლი უყვარდა. ბოლოს ედუარდო დე ფილიპოს „ხელშეკრულებაში“ ითამაშა მეზობელი - ეს იყო 1989 წელი. მას შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში როლი აღარ მიუღია. მოლოდინში გაილია მეოთხედი საუკუნეც - 25 წელი.
თანდათან სხვა დარდიც მოეძალა, კაეშანი, რომელიც ვერაგ და დაუნდობელ დროს მოაქვს: „ძალიან ძნელია, გულმოკლული ვარ, რომ ჩემი თაობა აღარ არის: მედეა ჯაფარიძე, დოდო ჭიჭინაძე, მზია მახვილაძე, ლენა ყიფშიძე, ნათელა მიქელაძე... წავიდა ზინა კვერენჩხილაძეც (რა დამავიწყებს რუსთაველის თეატრში მის ფედრას. ედიშერ მაღალაშვილი რომ შემოვარდებოდა პარტერიდან და დაიძახებდა: ფედრაააა! - ახლაც მზარავს!)... თითქოს, მე ერთი შევრჩი ამ დედამიწას! თითქოს საკუთარ სახლში სტუმრად ვარ... დილიდან საღამომდე რომ არავინ დაგირეკავს ტელეფონზე, მეგობარი რომ აღარ მოგიკითხვას, - ასეთ სიცოცხლეს რა აზრი აქვს?!“
საუკუნის მიზანი
ნინიკო ჩხეიძე ძლიერი ნატურაა, მას არაფრის ეშინია, გარდა ერთის - დროის დაკარგვისა. თითქოს სულ მოსწრების რეჟიმში ცხოვრობს. უცნაურია, მაგრამ ალბათ ამიტომაც არ აწუხებს გარდაუვალი დასასრულის ტრაგიკული წინათგრძნობა - ამის ადგილს არ ტოვებს მისი ყოველდღიურობა. მითხრა კიდეც: სად მცალია სიკვდილისათვის! სიკვდილი კი არა, გაფრენა მინდა ქალს!!! ათასი იდეა მაწუხებს, მესამე წიგნი მაქვს გამოსაცემი, სახელწოდებით „რა უნდა მეთქვა“, რომელშიც შევა ჩემი ლექსები, მოგონებები, შეხვედრები, თავგადასავლები, შთაბეჭდილებები, კურიოზები... მინდა, მოვასწრო და ეს ყველაფერი წიგნად გამოვცე!
მადლობითა და იმედით
„დედა იყო მეასე წელში, როცა კვდებოდა. ამ დროისთვის უკვე მისი ყველა შვილი მიწაში იწვა. გარდაცვალების წინ სასთუმალთან ვეჯექი, მითხრა: გახსოვს, რომ მსაყვედურობდი, რატომ გამაჩინე, როცა ამხელა შვილები გყავდა უკვეო?! - ამიტომ გაგაჩინე, რომ შენ ახლა ტკბილად დამიხუჭავ თვალებს და ბედნიერი წავალ იმ ქვეყნად. გაგაჩინე, რომ ერთი შვილი მაინც მადგეს სიკვდილის წინ თავზე.
დედაჩემის მამა, ვანო ვაშაძე, 120 წლის იყო, როცა გარდაიცვალა, გენეტიკა კარგი მაქვს! სხვათა შორის, ეს ის ივანე ვაშაძეა, 10 წლის უშანგი ჩხეიძე რომ წაიყვანა ჭიათურის თეატრში სპექტაკლ „დარისპანის გასაჭირზე“, რომელშიც დარისპანის როლს ასრულებდა ვალერიან შალიკაშვილი. ნანახითა და შალიკაშვილის თამაშით გაოგნებულ უშანგის ბაბუისთვის უთქვამს: აი, ბაბუა, მეც მაგისთანა მსახიობი მინდა გამოვიდეო!
სიცოცხლე მშვენიერია, საერთოდ, ცხოვრებას ვეტრფი! მიუხედავად იმისა, რომ აუარებელი ტკივილი მაქვს მიღებული; გაჭირვება, სიღარიბე, შიმშლი მინახავს; არაფერი შხამი არ დამაკლო უზენაესმა, მაინც ულამაზესია სიცოცხლე, მაინც ტკბილია... ხშირად მახსენდება ლადო ასათიანის უკვდავი სტრიქონები: „რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს, სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ / და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, / როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!“
ყოველი გათენებული დილა ჩემთვის იწყება უფლის სამადლობელით, რომ მაჩუქა კიდევ ერთი დღე სიცოცხლისა.
ღირსი არა ვარ ამდენი სიყვარულისა. მეუბნებიან, რომ ვარ ნიჭიერი, რომ ვუყვარვარ მაყურებელს - ეს განუზომლად დიდი ბედნიერებაა!
ახლა რთულ ეპოქაში ვცხოვრობთ, სიმართლე არ გადის, აღარ არიან ადამიანები, რომ გადაუშალო შენი გული, შენი დარდი უთხრა. კაცი კაცისთვის მგელი გახდა, გაუცხოვდა; დაიკარგა უფროს-უმცროსობა,
ხალხს აგრესია მოეძალა, აღარ არის სიყვარული და პატივისცემა - უმძიმესი დროა ამ მხრივ!
ახლა ჩვენი, ქართველების, უპირველესი საზრუნავია ის, რომ არ შევჩერებოდეთ ვიღაცას ხელში. ქვეყანა უნდა ჩადგეს ნორმალურ კალაპოტში!!! სამშობლო უნდა გიყვარდეს, გულზე უნდა გეხატოს, უნდა გეამაყებოდეს მისი წარსული, უკეთესი აწმყოსთვის ბევრს უნდა ვშრომობდეთ და გაბრწყინებული მომავლის იმედიც არ უნდა დავკარგოთ!!!
ვუსურვებ ყველას აღდგენილ საქართველოში ცხოვრებას, რომ ყველა ცდილობდეს ცალ-ცაკლე კი არა, ერთად ვიყოთ და ისე გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო. არ მინდა ვხედავდე ამდენ ხელგაწვდილსა და გაჭირვებულს!“
ნინიკო ჩხეიძემ ზუსტად იცის მაყურებლის ფსიქოლოგია, თითქოს გაზომილი აქვს ჩვენი გრძნობები და შინაგანი სმენით ახერხებს ადეკვატური თანაგრძნობა გამოიწვიოს. ასეთი იყო პელაგია („დარისპანის გასაჭირში“) და ცირუნია („მთვარის მოტაცებაში“). მისი უშუალობა თუ გულწრფელობა სცენაზე ყოფიერების „თეატრიდანაა“ გადმოსული. სხვათა შორის, ეს თვისება დაეხმარა იმაში, რომ არ შეაკრთო კინოწარმოებამ და კამერის წინაშეც დარჩა ბუნებრივი.
„კინო სხვაა, თეატრი გზრდის და გხვეწს. კინოს ამისთვის არ სცალია, ის გამზადებულ მსახიობს ითხოვს. როგორც თევზი წყალში, ისე ვგრძნობ თავს კამერის წინ. კინო დროს უძლებს, მაგრამ მაინც თეატრი მირჩევნია“.
„წერას ატანილი“ ტალანტი
ცალკე ტალანტია ნინო ჩხეიძის, როგორც ფილოლოგის, განსაკუთრებული უნარი წერისა. როგორი ნათელია მისი ფრაზა, მსუბუქი და დახვეწილი. წერის, თხზვის განსაკუთრებული ნიჭი სპეციალური განათლებით არ მოდის მხოლოდ - ეს ღმერთმა უნდა დაგაბერტყოს.
ნინიკო ჩხეიძის კვლევის უნარს ბრწყინვალედ წარმოგვიდგენს მის მიერ შედგენილი წიგნი „უშანგი ჩხეიძე“. ეს წიგნი საინტერესოა არა მხოლოდ თავისი შინაარსით, არამედ სტრუქტურითაც. როგორაა დალაგებული თემები, რა ჭრილშია დასმული და განხილული დიდი მსახიობის ცხოვრების უმთავრესი ეტაპები. ბეწვის ხიდზე გადის ნინო ჩხეიძე, როცა ეხება და გადაჭრის ისეთ ფაქიზ თემებს უშანგი ჩხეიძის ცხოვრებიდან, რომლებზეც წერა არაა ყოველთვის მოგებიანი. მის მიერ გაცოცხლებულ ძმის ცხოვრებისა და შემოქმედების ისტორიაში სიმკვეთრითა და სიმწვავითაა წარმოდგენილი ეპოქა, დროის ვექტორები, ადამიანები, ურთიერთობათა სირთულეები.
ამბობენ: სტილი თვით ადამიანი არის, თავად პიროვნებაო. ნ. ჩხეიძის წერის სტილი ერთმნიშვნელოვნად გვიჩვენებს ავტორის ორიგინალურ აზროვნებას, მოვლენათა არსში წვდომის უნარსა და ყველაზე მთავარს - დროის რიტმის გრძნობას. მას არასოდეს ავიწყდება წერტილის დასმა იქ, სადაც უკვე ამისი აუცილებლობაა. ამდენად, მისი ნაწერების ნარატიული ბლოკები ადვილად წასაკითხია, არ გღლის, თავს არაფერს გახვევს. თუნდაც შორეულ წარსულზე წერდეს, მას შეუძლია ის დღევანდელ დღედ წარმოგიდგინოს. ამიტომაც, ადვილად მყარდება წარსულის, აწმყოსა და მომავლის კონტინუალური ურთიერთმიმართება. ნინიკო ჩხეიძის ნაწერები განწყობილებათა მრავალპლანიანობით სუნთქავს. ის დიდი შინაგანი სულიერი ძალა და ენერგია, რომელიც მსახიობს გააჩნია, ითხოვს ასპარეზს და, როცა სცენაზე ვერ ხერხდება თვითრეალიზაცია, კალამს მიმართავს. მას შეუძლია თქვას: თუ ვთამაშობ ან ვწერ, მაშასადამე ვარსებობო!
ნინიკო ჩხეიძე ნამდვილი ოსტატია წერისა და თხრობისა. რამხელა ფუფუნებაა, რამოდენა სიხარულია, იცნობდე 95 წლის მსახიობს ასეთ ფორმაში, სიყვარულითა და მადლით აღსავსეს, ქალბატონს, რომლის მახსოვრობას ბზარიც არ გასჩენია; უსმენდე მის ხალას იუმორს, ათას საინტერესო ამბავს, ფაქტობრივად, ქართული თეატრის ისტორიის ცოცხალ მემატიანეს... განა ეს არ არის ბედნიერება?
მხოლოდ ნინიკო ჩხეიძეს შეუძლია, ერთი შეხედვით, ძალზე უბრალო ამბავი მოგითხროს, გაგიცოცხლოს ისე, რომ მოვლენა ემოციურ სინამდვილედ აქციოს! რაც მას ახსოვს და რასაც ის ყვება, შეიძლება ვუწოდოთ ხსოვნის ხელოვნება! მხატვრული განსახოვნების ბრწყინვალე ნიმუშია, როცა იგონებს უშანგი ჩხეიძის მუშაობას მიკროფონთან. როგორი პლასტებით ხატავს და აცოცხლებს „ვეფხვისა და მოყმის“ შერკინების უშანგისეულ ნიუანსებს.
კოკობი და უფურჭვნელი ვარდი
ნ. ჩხეიძის ხასიათის არსებითად მნიშვნელოვანი თვისება არის არა სარკასტულად მწვავე ცინიზმი, არამედ - თვითირონია. ეს მატებს ხიბლს მის ყოველგვარ ქმედებას. ერთხელ ანრი ჯოხაძის მუსიკალურ კლიპში გადაიღეს, როგორც თავად ამბობს, თმები დაუკუჭკუჭეს, წითელი მოპრუწული კაბა ჩააცვეს და თეთრ როიალზე შემოსვეს. სასწრაფოდ მაჩუქა ეს ფოტო წარწერით: „წითელკაბა ფიფქიასაგან“!
ჩვენი სატელეფონო საუბრები თუ შეხვედრები იწყება ისტორიული ფრაზებით:
- როგორ ბრძანდებით, ჩემო კოკობო ვარდო?
- ვიფურჩქნები მაისის ვარდივით, ვარ შუშპარა და მჩქეფარე, ჯერ ისევ კოკობში!
„ვარდი კოკობი გადაფურჩქვნილი, / როცა ვიხილე, ვიგრძენ ცხოვრება“ - ამბობს გალაკტიონი.
ერთხელაც დავურეკე, ტრადიციულად მოვიკითხე. ასე მიპასუხა: აღარ ვარ კოკობი-ვარდი, გრიპის ვირუსი შემეყარა, ფოთლები დამცვივდა და მხოლოდ ყლორტი ვარ დარჩენილიო!
მიხარია - ჩვენ კოლეგები ვართ. მართალია, ის უდიპლომო ფილოლოგია, მაგრამ დოკუმენტი ამ შემთხვევაში მხოლოდ ფორმალობაა!
ბოლოთქმის მაგიერ
ასე მგონია, ყოველი ჭეშმარიტი მსახიობი ფანტაზიითაა დაავადებული, მაგრამ მხოლოდ წარმოსახვა ვერ შექმნის ღირებულს, თუ მასზე ბევრი არ იმუშავე. შრომის კულტურა მისი პიროვნების განმსაზღვრელი თვისებაა. თეატრი და კინო იყო ნინიკო ჩხეიძის დაუსრულებელი სიყვარული, ფიქრი, ტკივილი, სიხარული, ცხოვრების აზრიც და საზრისიც.
დასასრულ, კიდევ ერთი: როცა მას ვუყურებ, ვუსმენ და ვაკვირდები, ვგრძნობ, რომ ნინო ჩხეიძე, არსებითად, არის გამოვლენა ქართული ხასიათის, ქართული ნიჭისა. ამიტომაც ვეთაყვანები და მუხლს ვიდრეკ მის წინაშე!