სჯობს, ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ, ვიდრე ყველაფერში გვჭირდებოდეს უცხოელების ჩართვა და ჩართულობა. მაგრამ თუ ისინი მიაღწევენ, ამასაც მივესალმები - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალი ხედვისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მან არაერთხელ შესთავაზა პოლიტიკურ ძალებს პრეზიდენტის პლატფორმა, თუმცა ოპოზიცია, რომელსაც ყველა ღონისძებაზე ეპატიჟებაა, თავს იკავებს მისვლისაგან.
"არაერთხელ შევთავაზე ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ჩემი პლატფორმა, ეს ადგილი არის ღია ყველასთვის, მე ყველას ვპატიჟებ ყველა ღონისძიებაზე, რომელიც არის სახელმწიფო დონის – ოპოზიციას და ხელისუფლებას. სამწუხაროდ, ოპოზიცია დღემდე თავს იკავებს აქ მოსვლისგან. ამიტომ გახდა ძნელი, რომ მე ვყოფილიყავი ინიციატორი იმ პროცესის, რომელიც დაწყებულია ჩვენი უცხო პარტნიორების მიერ. ვწუხვარ ამის გამო, რადგან მე მგონი, ეს არის გაგრძელება იმ ძველი ნეოკოლონიალური მიდგომების.
სჯობს, ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ, ვიდრე ყველაფერში გვჭირდებოდეს უცხოელების ჩართვა და ჩართულობა. მაგრამ თუ ისინი მიაღწევენ, ამასაც მივესალმები. რადგან დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ შედეგს მივაღწიოთ და არა, ვინ მიაღწევს შედეგს. აქ პირადი რაღაც ამპარტავნების საკითხი არ უნდა არსებობდეს და სადაც შედეგი იქნება, იქ იყოს შედეგი. მაგრამ ეს პლატფორმა არსებობს, იარსებებს და შეიძლება, კიდევ დაგვჭირდეს სხვადასხვა მიმართულებით", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.