„ქართული ოცნება“ დარჩა მარტო, მათ არც პარტნიორი ჰყავთ, არც დასაყრდენი და ადანაშაულებს საზოგადოებას, რომ ისინი ღალატობენ „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა შავგულიძემ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდრის მამუკა მდინარაძის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც თქვა, რომ მთავრობაში არის მზადყოფნა, დაიწყოს ინტერნეტში არასწორი ინფორმაციის გავრცელების რეგულირება.
მისი თქმით, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას იცავს ყველა, გარდა მთავრობისა და „ქართულ ოცნებას“ არ გამოუვა რეგულაციების შემოღება.
„არავითარი რეგულაციები არაა საჭირო, მიიღონ გადაწყვეტილება და აღარ აწარმოონ შავი პიარი. ინტერნეტის არასათანადოდ გამოყენება ხდება „ქართული ოცნების“ მხრიდან და ხორციელდება დასავლეთის შავი პიარი. მამუკა მდინარაძე ალბათ ხვდება, რომ რასაც აპირებენ, სიტყვის თავისუფლების შემზღუდველი იქნება და ასწრებს მოვლენებს და ამას აცხადებს. ჩვენს ქვეყანაში ფუნდამენტური უფლებების სადარაჯოზე დგას არა მხოლოდ ოპოზიცია, აქაა სამოქალაქო სექტორი და მთლიანად საზოგადოება. „ქართული ოცნება“ დარჩა მარტო, მათ არც პარტნიორი ჰყავთ, არც დასაყრდენი და ადანაშაულებს საზოგადოებას, რომ ისინი ღალატობენ „ქართულ ოცნებას“. მათ უღალატეს დანაპირებს, რითაც მოვიდნენ ხელისუფლებაში - სამართლიანობა და ეკონომიკური კეთილდღეობა. უღალატა ქართველი ხალხის არჩევანს - ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი ინტეგრაცია. დასავლეთმაც დაინახა ეს და ვხედავთ, როგორ მკაცრ და მკაცფიო გაფრთხილებებს იღებს ივანიშვილი“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.