კონსტიტუციაში წერია, რომ არჩევნები უნდა იყოს პროპორციული და ის იქნება პროპორციული და ყველა ვინც ამას გზაზე დაუდგება, გაითელება. გაითელება თავოსუფლების სახელით, დემოკრატიის სახელით, გაითელება მომავლით, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ბათუმში, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე.
„დღეს უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ივანიშვილი არის რუსეთი და საქართველოს არ უნდა რუსეთი. საქართველო არის დამოუკიდებელი. ჩვენ გვინდა მეზობლობა ყველასთან, მაგრამ თანაბარ საწყისებზე. მხოლოდ და მხოლოდ თანაბარ, მშვიდ და ისეთ ვითარებაში, რომ საქართველო ბრწყინავდეს რეგიონში და საქართველო ბრწყინავს რეგიონში, იმიტომ რომ შეიძლება არ გვქონდეს დიდი რესურსები, მაგრამ ერთადერთი, რითაც საქართველო განსხვავდება, რითაც საქართველო ამაყობს რეგიონში, ეს არის ჩვენი თავისუფლება და დემოკრატია. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ დემოკრატიით ვინ გამოიკვებება, მაგრამ არა მეგობრებო, სწორედ თავისუფლება და დემოკრატია არის განვითარების საფუძველი. იმიტომ ებრძვის ივანიშვილი დემოკრატიას და თავისუფლებას, რომ არ უნდა ამ ქვეყნის განვითარება. მას უნდა დიდი სოფელი, სადაც თვითონ ექნება ტყე-პარკი. ეს არის ჩვეულებრივი ფეოდალი და საქართველო არ დაბრუნდება შუა საუკუნეებში. საქართველო წავა წინ, არც ერთი ნაბიჯი უკან.
ჩვენი თავისუფლებით დავიბრუნებთ ჩვენს კონსტიტუციას, რომელიც ამ ვიგინდარამ თავზე გადაგვახია. ამ კონსტიტუციაში წერია, რომ არჩევნები უნდა იყოს პროპორციული და ის იქნება პროპორციული და ყველა ვინც ამას გზაზე დაუდგება, გაითელება. გაითელება თავოსუფლების სახელით, დემოკრატიის სახელით, გაითელება მომავლით. აი ეს არის ივანიშვილის ბედი მეოთხე. სამი ბედი იყო და ესაა მეოთხე და თუ ის თავს უმზადებს და თუ ის მზად არის, მაშინ გაითელოს და გაითელება აუცილებლად, იმიტომ რომ თავისუფლება ყველაფერზე ძვირფასია“, - თქვა უგულავამ.