საქართველოს განათლებისა და მეციერების სამინისტრომ ცეკვის პედაგოგების კონკურსი გამოაცხადა.
ამის შესახებ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინის მოადგილე ირინე ქურდაძემ ისაუბრა.
,,ცეკვის მასწავლებლობის მსურველს უნდა ჰქონდეს ცეკვის მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება. მან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოს შევსებული ანკეტა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. ფოლკლორი ტრადიციების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. აუცილებელია, რომ ცეკვა მოსწავლეებს პროფესიონალებმა შეასწავლონ'', - განაცხადა ირინე ქურდაძემ.
ქურდაძის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით 2011 წლიდან სკოლებში ცეკვის გაკვეთილები შემოვა. სკოლებში დაინერგება ცეკვის თეორიული და პრაქტიკული სწავლება. აღნიშნული ნოვაცია პილოტირებას თავდაპირველად თბილისის სკოლებში გაივლის.
ქურდაძის განცხადებით, 2011 - 2012 სასწავლო წლიდან კი პროგრამა ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში საქართველოს ყველა სკოლაში ამოქმედდება.
საბუთები მიიღება 2010 წლის 31 ოქტომბრამდე.