ხელისუფლების წინადადებაში იგულისხმება არა მხოლოდ 2020 წლის არჩევნების ამ სისტემით ჩატარება, არამედ დანარჩენისაც - გრიგოლ ვაშაძე
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მმართველმა გუნდის წინადადება, აბსოლუტურად მიუღებელია. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ წინადადებაში, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს სისტემით - 50 მაჟორიტარი - 100 დეპუტატი კი პროპორციული წესით, იგულისხმება არა მხოლოდ 2020 წლის არჩევნების ამ სისტემით ჩატარება, არამედ დანარჩენი არჩევნებისასაც
ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას შესთავაზა პარლამენტში 100 დეპუტატი პროპორციული წესით, 50 კი მაჟორიტარულად აირჩიონ. ეს წინადადება ქართულმა ოცნებამ დღეს ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე წარადგინა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მათი ინიციატივის მიხედვით, უნდა შენარჩუნდეს შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა 2/3-დამდე გაიზარდოს პროპორციულობის წილი ამ სისტემაში.
"ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში, პროპორციული წესით ავირჩევთ 100 დეპუტატს, ნაცვლად 77-ის, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-დე შემცირდება. შესაბამისად მომავალ პარლამენტში იქნება 100 პროპორციული მანდატი, თუ ეს შეთანხმება შედგა და იქნება 50 მაჟორიტარული მანდატი.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პროპორციაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ქართველ ხალხს რეფერენდუმზე გარკვეულწილად გამოხატული აქვს საკუთარი ნება, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილების სახით აისახა კიდეც კანონმდებლობაში 2005 წლის 23 თებერვალს და განისაზღვრა, რომ საქართველოს პარლამენტი შედგება 150 დეპუტატისგან, რომელთაგან 100 - პროპორციული, 50 კი მაჟორიტარული სისტემით აირჩევა", - თქვა თალაკვაძემ.