"ყველა კრიმინალი უნდა დაისაჯოს, რა შუაშია აქ პოლიტიკა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტს.
"ყველა კრიმინალი დაისჯება. ვინც ჩაიდინა აღნიშნული კრიმინალი, დანაშაული, ყველა დაისჯება. მაგრამ ცოტნე გამსახურდია თქვენმა ბელადმა, მიხეილ სააკაშვილმა, უსამართლოდ ჩასვა ციხეში. მე ძალიან კარგად ვიცნობ ცოტნეს და თანავუგრძნობ მის ოჯახს. ყველა კრიმინალი უნდა დაისაჯოს, რა შუაშია აქ პოლიტიკა. ცოტნე გამსახურდია დაიჭირა მიხეილ სააკაშვილმა 2008, თუ 2009 წელს უსამართლოდ და წლები იჯდა ციხეში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, თბილისში, საკუთარ სახლთან, ცივი იარაღით დაჭრეს. ცოტნე გამსახურდიას უკვე ჩაუტარეს ორი ოპერაცია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.