ევროპა საქართველოს სახლია, - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა, მდივანმა, კახა კალაძემ თავისუფლების მოედანზე გამართულ ღობისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ძალიან ადვილია ქართველისთვის ევროპაში თავის დამკვიდრება, რადგან "მათაც ზუსტად ჩვენსავით ესმით თავისუფლების ფასი".
"ისინი ზუსტად ჩვენსავით იცავენ პირად თუ ოჯახის ღირსებას, მათაც ზუსტად ჩვენსავით შეუძლიათ მეგობრების გვერდში დგომა და ისინიც ზუსტად ჩვენსავით აფასებენ სიმამაცეს, ვაჟკაცობას თუ საერთო საქმისთვის თავდადებას. ერთადერთი მნიშვნელოვანი სხვაობა, რაც მე მაშინ დავინახე, ეს იყო საქმისადმი განსხვავებული მიდგომები და დამოკიდებულებები.
იქ ადამიანის შრომას და საქმისათვის თავდადებას განსაკუთრებულად აფასებდნენ, ჩვენთან კი, 70 წლიანმა რეჟიმმა შრომისა და საქმისადმი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეცვალა", - თქვა კალაძემ და აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულებაც ყოველდღიურად, თაობიდან თაობამდე უმჯობესდება.
"მე, აქ შეკრებილი ახალგაზრდების სახით, ვხედავ ნამდვილ გულანთებულ ქართველებს, ენერგიით და მომავლის იმედით აღსავსე ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ პოტენციალი და უნარი თავისი სიტყვა თქვან, ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ საკუთარ სამშობლოშიც, ევროპაშიც და მსოფლიოს ნებისმიერ კონტინენტზეც.
დღეს აქ შეკრებილია დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული, თავისუფალი თაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის გარანტიაა", - თქვა კალაძემ.