"რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებას, ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს", ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ბრალდებებს.
„მიზანი ეს არ არის, მაგრამ ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ ძალასაც დაინახავს დღეს საზოგადოება. ყოველთვის ვაცხადებდით, რომ ჩვენს უკან დგას ხალხის მხარდაჭერა, ეს დასტურდება არჩევნებით და ეს დასტურდება ზოგადად იმ გარემოთი, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში და ამის მორიგი დასტური იქნება, რა თქმა უნდა, დღევანდელი ღონისძიება. თუმცა, ძალის დემონსტრირება არ არის მიზანი, მიზანი არის ის, რომ ერთად ვიზეიმოთ მნიშვნელოვანი მოვლენა, ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობა. რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებას, ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს, ძალიან მაღალია ენთუზიაზმი, ინტერესი, მოტივაცია ჩვენს მხარდაჭერაში. უფრო მეტიც, გაჩნდა ტრანსპორტის პრობლემა, რომ თითოეული ჩვენი მხარდაჭერის მობილიზება მოგვეხერხებინა ჩვენ დედაქალაქში. ძალიან მაღალია ენთუზიაზმი და მოტივაცია. სწორედ ამ მოტივაციის ხარჯზე გაიმართება დღეს ძალიან გრანდიოზული ღონისძიება“, – განაცხადა კობახიძემ.