საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.
მთავრობის მეთაური ასევე შეხვდება უკრაინის პრემიერ-მინისტრ ალექსი გონჩარუკს და უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია მონაწილეობას მიიღებს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამ-ის სამიტში, რომელსაც კიევი მასპინძლობს. სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურების პლენარული სხდომის შემდეგ დაგეგმილია ლიდერების ერთობლივი განცხადებები, ასევე რამდენიმე დოკუმენტზე ხელმოწერა.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პრემიერის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებიან.