"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ვიზიტით კმაყოფილია.
მისი თქმით, მოსკოვში გამართულ შეხვედრებზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზეც ისაუბრა.
"აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე ცხადია, საუბარს ვიწყებდი სწორედ ამ თემით და ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ ყველა შეხვედრაზე ვხედავდი ძალიან სერიოზულ ადამიანურ თანადგომას ამ თემასთან დაკავშირებით. ასევე იმას, რომ რუსეთის პოლიტიკოსები ძალიან კარგად ხედავენ ამ საკითხის არა მარტო ადამიანურ, არამედ ძალიან დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობასაც.
ყველა შეხვედრაზე ჩემი თხოვნა იყო, რომ რუსეთს მაქსიმალური ძალისხმევა განეხორციელებინა, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს ვაჟა გაფრინდაშვილი თავის სახლში, ოჯახთან.
მივიღე დაპირება, რომ მაქსიმალურად სწრაფად ის იქნება სახლში, ვინაიდან რუსეთი შეეცდება, რომ ამ პროცესს ხელი შეუწყოს. ამ პერიოდის განმავლობაში ორჯერ მქონდა კომუნიკაცია ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლესთან. ის ამ პროცესს ძალიან გაგებით ეკიდებოდა.
მე საჯაროდ სხვა დამატებით ინფორმაციას კონკრეტულ თარიღებთან და საათებთან დაკავშირებით არ ვაკეთებდი, რადგან ეს არ იქნებოდა სწორი საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ძალიან გამიკვირდა, როდესაც ტროლებმა თუ "ქართული ოცნების" გულშემატკივრებმა არასწორი, არაეთიკური განცხადებები აკეთეს, თითქოს ჩემი სახელით რაღაც საათებს ასახელებდნენ, როდის გათავისუფლდებოდა ვაჟა ექიმი.
მე იმედი მაქვს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახს ძალიან მალე დაუბრუნდება", - განაცხადა ნინო ბურაჯანაძემ.