პარტია „ერთიანი საქართველ-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, კონსტანტინ კოსაჩევს შეხვდა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა.
„ვიცი რა, თქვენი ადამიანური თვისებები და ყურადღება, იმ დროს, როდესაც ასეთი რთული საკითხები ჩნდება, მოგმართავთ თხოვნით, მონაწილეობა მიიღოთ ამ პროცესში. ის ადამიანები, რომლებსაც აქამდე ვესაუბრე, ასევე იჩენენ ამ საკითხისადმი ადამიანურ ყურადღებასა და თანაგრძნობას. ასევე, მზად არიან იმისთვის, რომ რუსეთმა ეს პროცესი დააჩქაროს“, - უთხრა ბურჯანაძემ კოსაჩევს და აღნიშნა, რომ საქართველოში ექიმის დაკავებას ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ.
„მესმის. რომ ყველაფერი ჩვენს სურვილებზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ რუსეთის მხრიდან ამ საკითხში დახმარება საჭირო და პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
როგორც სააგენტო „ტასი“ აღნიშნავს, კოსაჩევმა განაცხადა, რომ მზად არის ეს საკითხი პარლამენტის დონეზე დააყენოს. „თუმცა ცხადია, კარგად გვესმის, რომ ეს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების კომპეტენციაა. ჩვენი მხრიდან არ შეგვიძლია ეს საკითხი გადავჭრათ სუვერენული სახელმწიფოს ხელისუფლების გვერდის ავლით. ჩვენ ძალას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ ეს საკითხი გადაიჭრას მისი ჰუმანურობიდან გამომდინარე“, - აღნიშნა კოსაჩევმა.
ნინო ბურჯანაძე მოსკოვში 3 დეკემბერს ჩავიდა.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავა. ექიმის წინააღმდეგ დე-ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი დაკავებულს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, რასაც გატაცებული ექიმი არ აღიარებს. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.