`ქრისტიან-დემოკრატები~ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.
კომისია ბოლო წლების განმავლობაში მომხდარ იმ გახმაურებული მკვლელობების შესწავლას, რომელიც სამართლდამცავებს უკავშირდება.
აღნიშნული საგამოძიებო კომისიის შექმნის თხოვნით დეპუტატებს დაახლოებით ორი თვის წინ დაჩი ცაგურიამ, ირაკლი კორძაიამ და ჯაბა ჯიშკარიანმა მიმართეს.
იმის გათვალისწინებით, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის ინიცირება საპარლამენტო ფრაქციას ან დეპუტატთა სიითი შემადგენლობის ერთ მეოთხედს შეუძლია, ამ საინიციატივო ჯგუფის წინადადების ინიცირებაზე გადაწყვეტილება `ქრისტიან-დემოკრატებმა~ მიიღეს.
მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობის მხარდაჭერას არ ელოდება და დარწმუნებულია, რომ საკითხი პლენარულ სხდომაზე ჩავარდება, თუმცა ამის მიუხედავად, საკითხის ინიცირებას მაინც გეგმავს.
`ქრისტიან-დემოკრატები~ ასეთი საგამოძიებო კომისიის შექმნის წინადადებით პარლამენტში ორჯერ გამოვედით, მაგრამ არცერთხელ ჩვენი წინადადების გაზიარება არ მოხდა,~ - განაცხადა თარგამაძემ.
საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის ინიცირებას `ქრისტიან-დემოკრატები~, სავარაუდოდ, 16 ნოემბრის ბიუროს სხდომაზე მოახდენენ. პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ, რომლის შექმნასაც ცაგურია-კორძაია-ჯიშკარიანის ჯგუფი ითხოვს ზურაბ ვაზაგაშვილის, ალექსანდრე ხუბულოვის, ამირან რობაქიძის, სანდრო გირგვლიანის, გიორგი გამცემლიძის, როინ შავაძის, ევგენი და ომეხ აფრასიძეების და სხვათა გახმაურებული საქმეები უნდა შეისწავლოს.