„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში პარტიის პრესამსახურმა დაადასტურა. მისი თქმით, ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი დაგეგმილი იყო თვენახევრის წინ და ის ამ ვიზიტს არ გადადებდა.
რაც შეეხება ბურჯანაძის რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის საკითხს, პარტიის პრესამსახურში ამ შეხვედრას არ გამორიცხავენ, თუმცა „ჯი-ეიჩ-ენს“უთხრეს, რომ „ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა ახლა დაგეგმილი არ იყო, თუმცა გამორიცხული არ არის“.
„ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი დაიგეგმა თვენახევრის წინ და ამ ვიზიტს ვერ გადადებდა. გაერთიანებული ოპოზიიის სხვა ლიდერები საქმის კურსში იყვნენ. ისინი საქმის კურსში იყვნენ, რომ ნინო ბურჯანაძემ რამდენიმე დღე მოსკოვში იქნებოდა. ასე, რომ მათგან ჩუმად არ წასულა. მოსკოვში ხშირად დადის და აჟიოტაჟის მიზეზი გაუგებარია. ვიზიტის ფარგლებში შეხვდება პოლიტიკოსებს რგორც სახელისუფლებო პარტიიდან, ასევე ოპოზიციიდან. ასევე, შეხვდება დუმის წარმომადგენლებს. მიზანი, როგორც ყოველთვის, საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის მოგვარების გზები იქნება. ასევე, საოკუპაციო ხაზიდან ადამიანების გატაცებას და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს“, - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს“ პარტიის პრესამსახურში.