NASA-ში აცხადებენ, რომ მთვარეზე ჩამოვარდნილ ინდურ ხომალდ „ვიკრამს“ მიაკვლიეს. 2019 წლის სექტემბერში, სამთვარეო ხომალდი, მთვარის ზედაპირზე დაჯდომამდე 1 წუთით ადრე ჩამოვარდა.
სააგენტო მთვარის ზედაპირის მზოაიკურ ფოტოს ავრცელებს, სადაც ნაპოვნი „ვიკრამის“ ნამსხვრევებია ასახული. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს დახმარება ინდოელმა მკვლევარმა გაუწია, რომლის მიგნებაც NASA-მ მოგვიანებით დადასტურა.
7 სექტემბერს, ინდოეთის ამბიციური მისწრაფებები თითქმის განხორციელდა. Chandrayaan 2-ის ხომალდი მთვარის ზედაპირზე ჯდებოდა. პროცესში, ზედაპირიდან 2,1 კილომეტრის სიმაღლეზე, დაუდგენელი ხარვეზი წარმოიქმნა. გაწყდა ვიზუალური და აუდიო კონტაქტი. მომხდარის მიუხედავად, ინდოელი მეცნიერები იმედს მაინც არ კარგავდნენ და ხომალდის ძებნას განაგრძობდნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ, „ვიკრამის“ სამთვარეო ხომალდი „დაღუპულად“, ხოლო მისია წარუმატებლად გამოაცხადეს.
Chandrayaan-2-მა სტარტი 2019 წლის 22 ივლისს აიღო. ინდოეთის მიზანი, მთვარის ზედაპირზე კოსმოსური ხომალდის წარმატებული დაშვება და 14 დღის განმავლობაში მისი სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნება იყო.
Chandrayaan 2-ის მისია, ინდოეთის კოსმოსური ისტორიისთვის პრეცენდენტულია. იმ შემთხვევაში, თუ ინდოეთი, მისიის წარმატებით დასრულებას შეძლებდა, ის აშშ-ის, საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის შემდეგ მე-4 ქვეყანა გახდებოდა, რომელმაც დედამიწის თანამგზავრზე ხომალდი დასვა.