ორშაბათს, 25 ნოემბერს, მსოფლიოს სხვადასხვა დიდი ქალაქის ქუჩებში გაიმართა დემონსტრაციები ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.
საპროტესტო აქციები მრავალ ქვეყანაში გაიმართა, მათ შორის მექსიკა, იტალია, თურქეთი და სუდანი.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, მხოლოდ 2017 წელს ფემიციდის ნიადაგზე, 87 000 ქალი და გოგონა მოკლეს.
გაეროს განცხადებით, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე "გავრცელებული და დამანგრეველი რამაა სამყაროში", რომელიც ხშირ შემთხვევაში დაუსჯელად რჩება.
მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში მომიტინგეები ქუჩებში გამოვიდნენ და მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ მეტი ძალისხმევა გასწიონ ფემიციდის მაღალ მაჩვენებლების შესამცირებლად.
მასშტაბური საპროტესტო აქციები ჩატარდა ლათინური ამერიკის მასშტაბით. გაეროს ცნობით, ლათინური ამერიკის ქვეყნებში ყოველდღიურად 12 ქალს კლავენ ფემიციდის ნიადაგზე.
დემონსტრანტებმა ჩილეში ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. მათ სახეზე წითელი საღებავით გაშლილი ხელის ნაკვალევი ჰქონდათ აღბეჭდილი. ამ სიმბოლოთი ისინი ხელისუფლებას უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებდნენ.
არგენტინაში, ბუენოს აირესში, ეროვნული კონგრესის წინ შეკრებილმა დემონსტრანტებმა, მსგავსად ჩილეელი დემონსტრანტებისა, სახეზე გაშლილი ხელის ნაკვალევი აღიბეჭდეს, მხოლოდ იისფერი საღებავით.
ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში ქალებსა და მამაკაცებს შავი სამოსი ეცვათ, რითაც ისინი გენდერულ ძალადობას ეწინააღმდეგებოდნენ.
ჰონდურასში, დემონსტრანტებმა მსხვერპლი ქალების ხსოვნის აღსანშნავად, სათამაშო ცხოველების ფიგურები თოკებზე დაკიდეს.
პანამაში, დემონსტრანტებმა ქალის ფორმის ფიგურები დაალაგეს ქუჩებში და წითელი საღებავით შეღებილი ზეწრები გადააფარეს.
მასშტაბური საპროტესტო აქციები ჩატარდა ევროპის ქვეყნებში.
საფრანგეთში, ქალაქ ნანტში შეკრებილმა დემონსტრანტებმა ხელისგულზე დაიწერეს რიცხვი “STOP 138”, ნიშნად მსხვერპლი ქალების რაოდენობისა, რომლებიც მიმდინარე წელს მოკლეს საფრანგეთში ფემინიციდის ნიადაგზე.
იტალიაში, ტურინში მდებარე სენატის შენობასთან შეიკრიბნენ დემონსტრანტები, რომლებმაც შენობა წითელი ფარნებით გაანათეს, რათა ასე აღენიშნათ ქალთა მიმართ ძალასობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე.
მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა გაიმართა თურქეთის უდიდეს ქალაქ სტამბოლში, სადაც პოლიციამ სცადა მათი დაშლა.
თურქეთში მომუშავე ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, წელს ქვეყაბაში 300 ქალი მოკლეს.
ბრიუსელში გამართულ საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებმა ქუჩებში წითლად შეღებილი ქალის ფეხსაცმელები დაალაგეს.
გლობალურ დემონსტრაციებს შეუერთდნენ სუდანელი ქალებიც, რომლებმაც დედაქალაქ ხართუმის ქუჩებში გააპროტესტეს ქალთა მიმართ ძალადობა.