საქართველოს პროკურატურა კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს. დღეს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ შეთანხმება გააფორმეს.
მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს პროკურატურა უნივერსიტეტს მაღალპროფესიული იურისტების მომზადებაში დაეხმარება. მოქმედი პროკურორები ლექციებს წაუკითხავენ სტუდენტებს, გაუზიარებენ მათ პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევებს და ახალგაზრდებთან ერთად მოამზადებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებს.
"პროფესიონალად ჩამოყალიბება თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილების გარეშე შეუძლებელია, ამისთვის კი აუცილებელია სტუდენტების მჭიდრო კონტაქტი იმ იურისტებთან, ვისაც პრაქტიკული მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს," _ განაცხადა დავით საყვარელიძემ.
პირველი ლექცია დღესვე, მემორანდუმის გაფორმების შემდეგ სტუდენტებს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ პროკურატურის შენობაში წაუკითხა. დავით საყვარელიძემ სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა საქართველოს პროკურატურაში განხორციელებულ რეფორმებზე, ახალ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე, კონკრეტულად კი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე, რომელიც საქართველოში დღეიდან ამოქმედდა. კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია პროკურატურაში მიმდინარე პროექტებზე, კერძოდ, `საზოგადოებრივი პროკურატურის~ პროექტზე, რომელიც ახალგაზრდებთან მჭიდრო თანამშრომობას გულისხმობს და ძირითადად დანაშაულის პრევენციაზეა ორიენტირებული. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში პროკურორები ხშირად სტუმრობენ საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს და ახალგაზრდებს დანაშაულისა და მისი შედეგების შესახებ უშუალოდ ესაუბრებიან.
საქართველოს პროკურატურასა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებისთანავე ამოქმედდება. მსგავსი მემორანდუმი პროკურატურას გაფორმებული აქვს ილიას უნივერსიტეტთან.