თბილისში, 4-5 ოქტომბერს მოეწყობა თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თანმედროვე ხელოვნების საერთაშორისო კურატორები, არტკრიტიკოსები, ხელოვნების ისტორიკოსები და ხელოვანები 8 ქვეყნიდან.
ორდღიანი სიმპოზიუმის მსვლელობისას, ასევე ვორქშოფისა და შემაჯამებელი დისკუსიის დროს, იმსჯელებენ თანამედროვე ხელოვნების აქტუალურ საკითხებზე, ხოლო მომხსენებლები თავიანთ პრეზენტაციებში წარმოადგენენ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას.
სიმპოზიუმის მთავარი თემებია: სჭირდება თუ არა ბიენალე თბილისს; საერთაშორისო გამოფენის / ბიენალეს მნიშვნელობა არტსცენის განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციისთვის XXI საუკუნეში; სხვადასხვა ტიპის ინიციატივების როლი სახელოვნებო სივრცეების ჩამოყალიბების პროცესში.
უკანასკნელ წლებში მრავალი საერთაშორისო არტკრიტიკოსი და კურატორი მსჯელობს XXI საუკუნეში გამოფენისა და ბიენალეს ინოვაციურ ფორმაზე და ცდილობს ახალი სახელოვნებო სტრატეგიებისა თუ ფორმების განვითარებას. ასევე, კვლავ აქტუალურია თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო სივრცეებში ე.წ. „ახალი არტსივრცეების" ინტეგრაციის საკითხი. თანამედროვე ქართული სახელოვნებო სცენაც აგრძელებს ადგილის დამკვიდრებას გლობალურ თანამედროვე „არტლანდშაფტში". ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო დიალოგი და გამოცდილების გაზიარება, ახალი კავშირებისა და ქსელების განვითარება, საერთაშორისო დისკურსი თემაზე საერთაშორისო გამოფენის / ბიენალეს ინოვაციური ფორმა XXI საუკუნეში.
თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო სიმპოზიუმი საშუალებას მისცემს სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებსა და კურატორებს, იმსჯელონ თანამედროვე ხელოვნების აქტუალურ საკითხებზე და განიხილონ თანამედროვე ხელოვნების უახლესი ტენდენციები.
თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო სიმპოზიუმთან დაკავშირებით
დღეს, 1 ოქტომბერს, 13 საათზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება.