„მე მგონი ყველა ვაცნობიერებთ ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობას, ის კენჭისყრა, რომელიც წინ გველის, ალბათ არის ყველაზე მნიშვნელოვანი კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობა მიგვიღია ამ ოთხი წლის განმავლობაში, იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილებას გავლენა ექნება უახლოეს პერიოდში - დღეიდან, ხვალიდან და მომავალი წლების განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვისას.
ჩუგოშვილის განცხადებით, ახლა კამათი იმაზე, თუ რომელი საარჩევნო სისტემა არის ქვეყნისთვის სწორი, მისაღები და ა. შ. არის სრულიად უადგილო.
„ ჩვენ ამაზე ვიკამათეთ უკვე წლების განმავლობაში და გადავწყვიტეთ და გადაწყვიტა ამ უმრავლესობამ და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უკვე წერია საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენ დღეს სხვა რამეზე ვიღებთ გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება ეხება არა იმას თუ რომელი საარჩევნო სისტემა არის ქვეყნისთვის სწორი, არამედ იმას, თუ როდის შედის ეს სისტემა ძალაში - შედის 2020 წლის არჩევნებისთვის თუ 2024 წლის არჩევნებისთვის. ის, რომ ეს სისტემა და ეს ცვლილებები ძალაში უნდა შევიდეს 2020 წლის არჩევნებისთვის, ჩვენ ეს პირობა ჩვენს საზოგადოებას მივეცით, მისცა ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ და ეს მოლოდინი საზოგადოების მხრიდან არსებობს და ეს მოლოდინი ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით. ამიტომ ახლა საუბარი იმაზე და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ასე ვთქვათ, აი ამ მნიშვნელოვანი პირობის, მიმაჩნია სრულიად არასწორად. უფრო სწორედ, პირიქით, სრულიად დარწმუნებული ვარ რომ ამ უმნიშვნელოვანეს დაპირებას, რომელიც ჩვენ ჩვენს საზოგადოებას ამ ზაფხულს მივეცით, ეს პარლამენტი, დღეს, ხვალ, არ ვიცი, როდესაც იქნება კენჭისყრა, აუცილებლად შეასრულებს. და ეს იქნება სწორი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის დაპირება და დაპირებას შესრულება სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ ეს არის სწორი ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ჯანსაღად განვითარებისთვის“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, ეს სისტემა იძლევა შესაძლებლობას, რომ ძალიან კონკურენტულ გარემოში, ძალიან სამართლიან საარჩევნო შეჯიბრში და სამართლიანი წესების პირობებში, მოსახლეობამ ძალიან მკაფიოდ განსაზღვროს, თუ როგორ უნდა რომ გადანაწილდეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანო და, შესაბამისად, ძალაუფლება ქვეყანაში.
„ეს უნდა დაიწყოს ახლავე, არა 2024 და 2028 წლიდან, არამედ ახლავე, იმიტომ რომ მთელმა რიგმა პროცესებმა განაპირობა ამ გადაწყვეტილების მიღება და ეს გადაწყვეტილება იყო სწორი. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ძალიან სწორ და კარგ კანონპროექტს მხარს დავუჭერთ, მივიღებთ და ამისთვის მინდა კოლეგებს წინასწარ მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.