„ჩვენ გვებრძვის ჩვენი პოლიტიკური ოპონენტი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამას ახორციელებს შავი კამპანიის სახით ჩემთან, სხვა ჩემს კოლეგებთან მიმართებაში და ამისთვის იყენებს სხვადასხვა მედიაპლატფორმას და სხვადასხვა, დროებით მოკავშირე რუპორს - საკმაოდ ოდიოზურ პირებს, როგორც ამ შემთხვევაში“, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათელა თურნავამ ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას დავით ჭიჭინაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თითქოს ასეულ მილიონად შეფასებული სახელმწიფო ქონება 7 მილონ ლარად გასხვისდა, ხოლო 2010-2012 წლებში „თბილსრესი“ გაკოტრდა.
ნათია თურნავას განცხადებით, ასეთი ბრალდებების მიზანია, მოსახლეობაში შეიქმნას განცდა, თითქოს მთავრობაში პრობლემები არსებობს და ამ გზით მოხდეს მისი საქმიანობისთვის ხელის შეშლა.
„ეს სასაცილოა და არ გამოუვათ. თანაც მგონი ვერც მე და ვერც თქვენ ვერ გამოვიტანეთ ბოლომდე აზრი, რისი თქმა უნდოდა ბატონ ჭიჭინაძეს - ის ახსენებს „თბილსრესს“, ჩემს გვარს, სხვა გვარებს, მაგრამ, როგორც ყოველთვის ვერ აყალიბებს სათქმელს. ზოგადად მან ბოლო დროს თავი დაგვამახსოვრა ძალიან არასერიოზული განცხადებებით - ჯერ თბილისის აეროპორტის პრივატიზებას მაბრალებდა, როცა იმ პერიოდში მე საერთოდ არ ვმუშაობდი სამინისტროში, შემდეგ - საერთოდ თანამდებობიდან გადამდგარად გამომაცხადა ისე, რომ არც მთავრობას, არც პრემიერ-მინისტრს და არც კანცელარიას ჰკითხა რამე. როგორც ჩანს, ის აგრძელებს ამ ოპუსს“, - აღნიშნა ნათელა თურნავამ.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა განმარტა ე.წ. „თბილსრესის საქმის“ დეტალები. ნათია თურნავას ინფორმაციით, 10 წლის წინ, მისი „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში“ მუშაობის პერიოდში კომპანიამ აუქციონის გზით შეიძინა „თბილსრესი“, რომელიც იყო გაკოტრებული და საკმაოდ სავალალო მდგომარეობაში. „ჩვენი ამოცანა იყო, რომ აგვემოქმედებინა, ფეხზე დაგვეყენებინა ეს ობიექტი და თუ დღეს ის ჩვენი ელექტროენერგიის ერთ-ერთი გარანტირებული წყაროა, მიხარია, რომ ამაში ჩემი წვლილიც არის. შემდგომ, უკვე ჩვენი ხელისუფლების პირობებში პროკურატურას გაუჩნდა გარკვეული კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ აუქციონზე რამდენად ადეკვატურ ფასად იყო ეს ობიექტი შეძენილი და, ამ პროცესში, გამოკითხვაში ჩაერთო უამრავი ადამიანი, მათ შორის მეც - ყოველთვის მომხრე ვარ, რომ თუკი რაიმე კითხვები არსებობს, გამოძიებას დავეხმაროთ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავას განმარტებით, გამოძიების მხრიდან დასმულ კითხვაზე მისი პასუხი იყო უარყოფითი. „ჩემს წინაშე ერთადერთი კითხვა დაისვა – ხომ არ ვიცოდი რამე შესაძლო გარიგების შესახებ „ინდუსტრიული ჯგუფის“ მეპატრონესა და იმდროინდელ ხელისუფლებას შორის. როგორც მენეჯერს, არ შეიძლებოდა, რომ მე მქონოდა ეს ინფორმაცია და ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. ამის შემდეგ ჩემს მიმართ ყველა კითხვა ამოიწურა. ეს არის მთელი ისტორია, რომლის გაცოცხლებასაც ახლა „ნაციონალური მოძრაობისგან“ შეგულიანებული ბატონი ჭიჭინაძე ცდილობს, მაგრამ ეს სასაცილოა და არაფერი გამოუვა“, - განაცხადა მან.