ჩილეში, დემონსტრანტებს ავტომობილმა გადაუარა. დაიღუპა 2 და დაშავდა 17 ადამიანი. იუწყება ტელერახი 24 Horas-ი.
ავტომობილი დემონსტრანტების ჯგუფს ქალაქ სან-პედრო-დე-ლა-პასში დაეჯახა. 24 Horas-ის ცნობით, დემონსტრანტები მშვიდობიან „ქვაბების“ საპროტესტო მარშს მართავდნენ. სამართალდამცველებმა მანქანის მძღოლი დააკავეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ შემთხვევის მომენტში ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
დაღუპულთა შორის 4 წლის ბავშვია.
ამგვარად, ჩილეში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. ხუთი მათგანი შეიარაღებული ძალების მიერ არის მოკლული.
6 ოქტომბერს ჩილეში მეტროთი მგზავრობა 30 პესოთი (0,042 დოლარი) გაიზარდა, რამაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები გამოიწვია. მშვიდობიანი აქციები 18 ოქტომბერს სამართალდამცველებთან შეტაკებებში გადაიზარდა, რაც ამ დრომდე გრძელდება. აქციის მონაწილეები აგებენ ბარიკადებს, ქვაბების ერთმანეთზე დარტყმით აპროტესტებენ გაზრდილ ფასებს, აზიანებენ მეტროსადგურებს, ცეცხლს უკიდებენ ავტობუსებს, სავაჭრო ცენტრებს.
ჩილეს ხელისუფლებამ მასობრივი არეულობების ფონზე სანტიაგოსა და სხვა ქალაქებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ზოგიერთ ქალაქში მოქმედებს კომენდანტის საათიც.