ჩილეში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, დაჭრილია 211, დაკავებულია 2643 ადამიანი. ამის შესახებ ჩილეს შს მინისტრის მოადგილემ როდრიგო უბილიამ განაცხადა.
"ამ დროისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიღუპა 15 ადამიანი, მათგან 11 დედაქალაქში. ყველა დაღუპული ხანძარსა და სავაჭრო ცენტრებში მომხდარ ძარცვას ემსხვერპლა... სამი ადამიანი პროვინციებშია მოკლული ცეცხლსასროლი იარაღიდან", - განაცხადა მან.
ბოლო 24 საათის განმავლობაში 255 ძალადობრივი აქტი მოხდა, მათი უმეტესობა დედაქალაქ სან-ტიაგოში. მინისტრის მოადგილის თქმით, თუ ადრე დამნაშავეები ცეცხლს სუპერმარკეტებს უკიდებდნენ, ახლა ცდილობენ დაანგრიონ ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა. მისი თქმით, გასული ღამის განმავალობაში მომიტინგეებმა დიდი ზიანი მიაყენეს მუნიციპალიტეტებისა და კომისარიატების შენობებს.
6 ოქტომბერს ჩილეში მეტროთი მგზავრობა 0,042 დოლარით (30 პესო) გაძვირდა, რამაც ქვეყანაში პროტესტები გამოიწვია.
სამშვიდობო აქციები 18 ოქტომბერს სამართალდამცველებთან შეტაკებებში გადაიზარდა. პროტესტანტებმა აღმართეს ბარიკადები, დააზიანეს მეტროსადგურები, გადაწვეს სავაჭრო ცენტრები, ავტობუსები, დიდ ქალაქებში ხელისუფლებამ გამოიყვანა სამხედროები და ჯავშანტექნიკა.
ჩილეს ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა სანტიაგოსა და სხვა ქალაქებში, რომლებიც ტურისტებს შორის პოპულარულია. ზოგიერთ ქალაქში ღამით კომენდანტის საათი მოქმედებს.