თუ შევხედავთ საქართველოს, როგორც რეგიონულ ჰაბს, მნიშვნელოვან განსხვავებას მივიღებთ და ჩვენ საქართველოს აღვიქვამთ და ვუყურებთ, როგორც კარიბჭეს, არა მხოლოდ კავკასიის, არამედ შუა აზიის, შემდგომ ევროპის დაუფრო მსხვილ დასავლეთ და აღმოსავლეთ ბაზრებზე წვდომისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისში მიმდინარე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რეგიონში არსებული მულტინაციონალური მოთამაშეებისთვის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი გარემოს შექმნა.
„საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა წარმოადგენს ეკონომიკის განვითარებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. ბიზნესი არის ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და მთავრობების მიერ განხორციელებული სავაჭრო რეფორმების საბოლოო ბენეფიციარი. შედარებით მცირე ადმინისტრაციული, ლოგისტიკური და სატრანსპორტო ბარიერები, გამარტივებული და ჰარმონიზებული სავაჭრო პროცესები ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებას.
მნიშვნელოვანია, რეგიონში არსებული მულტინაციონალური მოთამაშეებისთვის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი გარემოს შექმნა. არასატარიფო ბარიერების მოხსნა, საზღვრის კვეთის და სხვა ადმინისტრაციული პროცედურების შემსუბუქება.
ხაზგასასმელია, რომ ამ მხრივ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკის გამტარებელია, იმპორტირებული საქონლის 80%-ზე მეტი 0%-იანი იმპორტის გადასახადით იბეგრება. გამარტივებული საბაჟო პროცედურები და მინიმალურია არასატარიფო ბარიერები“, - თქვა გახარიამ.