გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე ჯავახეთში, ფარავანზე, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე იმსჯელეს.
აღნიშნული საკითხი ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტ ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) წერილის საფუძველზე განიხილეს. მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ჯავახეთში დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებს თავისი მოსაზრებები გააცნო და შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ მდინარის კალაპოტში წყლის ოდენობის სანიტარული მინიმუმის წლიური საშუალო რაოდენობის მხოლოდ 10 პროცენტის შენარჩუნება განსაზღვრული. მისი აზრით, ეს ეკოსისტემის დაცვისა და მდინარეში არსებული თევზის მარაგის შენარჩუნებისთვის საკმარისი არ იქნება. მიტროპოლიტს მიაჩნია, რომ წყლის სანიტარული მინიმუმი არ შეიძლება იყოს ფიქსირებული და იგი სხვადასხვა მდინარისთვის გარკვეულ საზღვრებში უნდა მერყეობდეს.
ექსპერტებმა ჰიდროელექტროსადგურის გარემოზე შესაძლო ზემოქმედების დეტალებზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ზემოაღნიშნული 10%-იანი ნორმა გამართლებულია. გარდა ამისა, სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლოატაციის პერიოდს მოიცავს, ინვესტორს დავალებული აქვს მუდმივი მონიტორინგის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების კუთხით. თუკი ექსპლოატაციის პირობები დაირღვევა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.