ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილის განცხადებით: "მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში საქართველოში ბენზინის საწვავის მოხმარება კატეგორიების მიხედვით შემდეგ პროცენტულ მაჩვენებლებს შეადგენს: A-92 ტიპის რეგულარის ტიპის ბენზინი - 81 პროცენტი, A--95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 17 პროცენტი, A--98 სუპერი ტიპის ბენზინი - 2 პროცენტი.
რაც შეეხება დიზელის საწვავის მოხმარებას, მისი პროცენტული მაჩვენებლები შეადგენს: L-62 ტიპის დიზელის საწვავი - 77 პროცენტი, ევრო დიზელი (50PPM) - 23 პროცენტი.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 2008 წლის ანალოგიურ პერიოდში ბენზინის საწვავის მოხმარება კატეგორიების მიხედვით ფაქტიურად იდენტური იყო მიმდინარე წლის მაჩვენებლებისა. რაც შეეხება დიზელის საწვავს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მისი მოხმარება შეადგენდა: L-62 ტიპის დიზელის საწვავი - 84 პროცენტი, ევრო დიზელი (50PPM) - 16 პროცენტი. ანუ მ/წელს ევრო დიზელის მოხმარება 7 პროცენტით გაიზარდა.
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში დღეს ყველაზე მოხმარებად საწვავს წარმოადგენს A-92 ტიპის რეგულარის ტიპის ბენზინი და L-62 ტიპის დიზელის საწვავი.
ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი გახლავთ აღნიშნული საწვავის ფასები. რეგულარის ტიპის ბენზინის საწვავი ყოველთვის გაცილებით იაფია, მაგალითად პრემიუმთან შედარებით - 15-20 თეთრით ლიტრაზე. დღეისათვის რეგულარი ტიპის ბენზინის ფასი შეადგენს 1,60-1,65 ლარის ფარგლებში ლიტრაზე, პრემიუმი - 1.80 ლარის ფარგლებში ლიტრაზე, ხოლო სუპერი - 1,.90 ლარის ფარგლებში ლიტრაზე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ავტოპარკი ძირითადად საკმაოდ მოძველებულია და უმეტესი წილი რეგულარის ტიპის ბენზინის საწვავის მომხმარებელია.
რაც შეეხება დიზელის საწვავს, აქაც განმსაზრღვრელი გახლავთ ფასი, ვინაიდან L-62 ტიპის დიზელის ფასი არის 1,55-1,60 ლარის ფარგლებში ლიტრაზე, ხოლო ევრო დიზელი - 1,70-1,75 ლარის ფარგლებში ლიტრაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და გადამზიდავი საშუალებები საკმაო წლოვანებისა არიან და ძირითადში L--62 მომხმარებლებს შეადგენენ.