ყოველ დილით, ვიდრე მზე შავი ზღვის სანაპიროებს გაათბობს, ჩრდილო კორეელთა ჯგუფები ცელოფნის ჩანთებში გახვეული სადილით, სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად მიეშურებიან, - ამ სიტყვებით, ვაშინგტონ პოსტი ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეების დასაქმებას ეხმიანება.
გავლენიანი ამერიკული გამოცემის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში 400-მდე ჩრდილო კორეელი მამაკაცი მუშაობს, რათა შემოსავლის ნაწილი ოჯახსა და შვილებს სამშობლოში გაუგზავნოს.
მათი უმეტესობა სოხუმში, მიტოვებულ სანატორიუმებსა და სახლებში ცხოვრობს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი თამილა მერცხულავა თავადაც სტუმრობდა ფხენიანს და შემდეგ ჩრდილო კორეელი თანამდებობის პირებიც ჩავიდნენ აფხაზეთში. თამილა მერცხულავა, ამტკიცებს რომ ინიციატივა ჩრდილო კორეულმა მხარემ გამოიჩინა და მუშახელი აფხაზებს თავად შესთავაზა.
„კრემლის მიზანი ჩრდილო კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის კეთილგანწყობის შენარჩუნებაა, რისთვისაც ჩრდილო კორეელებს ეხმარება, ქვეყნის გარეთ ეძიონ სამუშაო და სამშობლოში დარჩენილ ოჯახის წევრებს დაეხმარონ. შესაბამისად, 10 000 ჩრდილო კორეელი კვლავ მუშაობს რუსეთში. არცთუ დიდი ხნის წინ ეს რიცხვი 40 000-ს აღწევდა”,- წერს ვაშინგტონ პოსტი.
გამოცემის ცნობით, საზღვარგარეთ 100 000 ჩრდილო კორეელია დასაქმებული და მათ მიერ გადარიცხული ფულადი გზავნილები წელიწადში 500 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.
ვაშინგტონ პოსტმა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე შეკითხვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს, მარია ზახაროვას დაუსვა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი „საერთაშორისო სანქციების რეჟიმით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას სკრუპულოზურად ასრულებს, ხოლო ჩრდილოკორეელი მიგრანტების ოკუპირებულ აფხაზეთში დასაქმების შესახებ შესაბამის სახელმწიფოს ან მათ დამსაქმებელს უნდა მიმართონ“.
„მაშინ როდესაც აფხაზეთი საკუთარი დამოუკიდებლობის წარმოჩენას ცდილობს, რაც ძალინ შორსაა რეალობისგან, სოხუმის ცენტრში აღმართული ახლად აშენებული რუსეთის საელჩო მზის შუქზე თვალისმომჭრელი ციმციმით უჩვენებს, თუ ვინ აკონტროლებს აფხაზეთში საქმეებს“,- წერს გამოცემა.