"ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია “ევროპული საქართველოს” მიერ დეკლარირებული „არავინ ციხეში," – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება, სადაც მან თქვა, რომ ხელისუფლების ცვლილებას არ უნდა მოჰყვეს პოლიტიკური დევნა და ლოზუნგი ივანიშვილი ციხეში, მიუღებელია.
"ევროპული საქართველო ცდილობს ეს ყველაფერი მოგვაწოდოს შურისძიებაზე და რევანშზე უარის თქმად. მახინჯი მზეთუნახავად შემოგვასაღოს, პროგრესულობის შარავანდედი დაადგას იმას, რაც დამღუპველია ქვეყნისთვის... ეს არის ივანიშვილისა და მისი გარემოცვისათვის უსაფრთხოების გარანტიის მიცემა და იმას, თუ ვინ უნდა აგოს პასუხი, არა კონკრეტული ადამიანები, არამედ კანონი წყვეტს. გასაგებია, ვირთხას კუთხეში თუ მიიმწყვდევ - უფრო აგრესიული გახდება, მაგრამ ამიტომ, ვირთხა წისქვილში უნდა დაპატიჟო და ნებაზე მიუშვა? ვერც ერთ დამნაშავეს ვერ მოვატყუებ და ვერ ვეტყვი, რომ ჩვენი გამარჯვების შემდეგ ხახვივით შერჩება ის სახელმწიფო ქონება, რაც მიიტაცა, ის სიმდიდრე, რომელიც დააგროვა საქართველოს მოქალაქეების, ბიუჯეტის ყვლეფის ხარჯზე. მათ მიერ მიტაცებული დაუბრუნდება სახელმწიფოს! დიახ, ზღვა დაშორდება ივანიშვილის ეზოს და ამას უნდა შეეგუოს ახლავე“, - ამბობს მელია და აღნიშნავს, რომ ვისაც დანაშაული არ ჩაუდენია, პასუხს არავინ მოსთხოვს.
მელიას თქმით, თუ მოძალადეები არ დაისაჯნენ ისინი ძალადობას გააგრძელებენ და ასევე დაუსჯელობა სხვასაც წააქეზებს.