არ ვიცი, შეიძლება ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა, რაც უფლის გზას შეუდგა, - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება, სადაც მან თქვა, რომ ხელისუფლების ცვლილებას არ უნდა მოჰყვეს პოლიტიკური დევნა და ლოზუნგი ივანიშვილი ციხეში, მიუღებელია.
მისი თქმით, ეს არის ივანიშვილისა და მისი გარემოცვისათვის უსაფრთხოების გარანტიის მიცემა და იმას, თუ ვინ უნდა აგოს პასუხი, არა კონკრეტული ადამიანები, არამედ კანონი წყვეტს.
„არ ვიცი, შეიძლება ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა, რაც უფლის გზას შეუდგა და სულის ცხონებისთვის მზადაა აპატიოს მას, ვინც წიხლქვეშ გაიგდო კორცხელში, მაგრამ მე პირადად არ ვაპირებ კორცხელის „გმირებისთვის“ რაიმეს პატიებას და ვერც მოვატყუებ," - თქვა მელიამ.
მელიას თქმით, თუ მოძალადეები არ დაისაჯნენ ისინი ძალადობას გააგრძელებენ და ასევე დაუსჯელობა სხვასაც წააქეზებს.
"დიახ, შურისძიება არ უნდა იყოს და არც იქნება, მაგრამ ბოდიშის მოხდით მინდა ვიკითხო: - შურისძიება იქნება, როდესაც დაისჯებიან ისინი, ვისაც წვლილი მიუძღვით კერძაიას სიკვდილში? შურისძიება იქნება, როცა დაისჯებიან არჩევნების გამყალბებლები, რომელთა დანაშაულები ფირზეა აღბეჭდილი? შურისძიება იქნება მაჩალიკაშვილის მკვლელების დასჯა? გეკითხებით, შურისძიება იქნება იმათი დასჯა ვინც ტომარა თავზე ჩამოაცვა მუხთარლის? შურისძიება იქნება, როცა სახელმწიფოს საკუთრების მიმტაცებლებს უკან დააბრუნებინებ სახელმწიფოსგან მოპარულს?შურისძიება იქნება ფარცხალაძის დასჯა? შურისძიება იქნება საყდრისის ამფეთქებლების დასჯა? შურისძიება იქნება გაშიფრული ზონდერების დასჯა? შურისძიება იქნება თუ ვანო ჩხარტიშვილს გამოძიება შეკითხვებს დაუსვამს?“, - თქვა მელიამ.