სამწუხაროდ, დღევანდელი პატრიარქი და მისი უმრავლესობა ჯერჯერობით, რაც შერჩენილი ჰყავს დღევანდელ სინოდში, ვერ არის ღირსეული მემკვიდრე ჩვენი პირველი პატრიარქების, - განაცხადა "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საქართველოს ეკლესია ამბობდა, რომ არ უნდათ საქართველო იყოს პირველებში ვინც უკრაინის ავტოკეფალიას აღიარებდა.
"აღარ ვართ პირველებში. გასაგებია რომ სხვა ბერძნული ეკლესიები, ასევე სავარაუდოდ რუმინეთის ეკლესია, მიყვებიან ელადის გადაწყვეტილებას" - თქვა ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილი თეოლოგებზე დაყრდნობით ამბობს, რომ მსოფლიო პატრიარქის უფლებამოსილებაში შედის ავტოკეფალიის მინიჭება და სხვა ეკლესიები ამაში მსოფლიო პატრიარქს ეთანხმებიან.
"ასე, რომ საქართველოს ეკლესიას ჰქონდა არჩევანი ყოფილიყო პირველი ან პირველებში, ჯერ კიდევ არის ამისი შანსი, ან ყოფილიყო რუსეთის მოიმედედ - შეშინებული და მაჩანჩალებში. საბჭოთა კავშირის რღვევის პროცესში, 30 წელიწადია, პოსტსაბჭოთა პერიოდში, უკრაინასთან გადაგვაჯაჭვა გეოპოლიტიკამ, ჩვენ და უკრაინა ვართ ის ქვეყანა, რომლის ტერიტორიები აქვს ანექსირებული და ოკუპირებული რუსეთის იმპერიას. სწორედ ჩვენ და უკრაინა ვებრძვით რუსეთს", - თქვა ბერძენიშვილმა.
"ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რაც დაუწესა მსოფლიო თანამეგობრობამ რუსეთს სწორედ უკრაინის ტერიტორიის ანექსიის, ინტერვეციისა და ოკუპაციის გამო. საქართველოს საპატრიაქო უარს ამბობს მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილება, მის მიერ გამოცემული ტომოსი მიიღოს და აღიაროს", - თქვა ბერძენიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ეკლესიის თავშეკავება მოწმობს, რომ დღევანდელი პატრიარქი ილია მეორე ვერ არის ღირსეული მემკვიდრე საქართველოს პირველი პატრიარქებისა.
"ავტოკეფალიის აღმდგენი ქართული სამღვდელოება და საზოგადოება, პირველი პატრიარქი კირიონი, შემდეგ ლეონიდე და ამბროსი, არც ერთი რუსეთს მაამებლობით, ლოიალობის დადასტურებით არ გამოთხოვდა რუსეთს რაღაცა პირობებს. ჩვენი სასულიერო წოდება მაშინ უფრო პატრიოტული იყო და შორსმჭვრეტი, ვიდრე ეს არის ახლა.
სამწუხაროდ დღევანდელი პატრიარქი ილია მეორე და მისი უმრავლესობა ჯერჯერობით, რაც შერჩენილი ჰყავს დღევანდელ სინოდში, ვერ არის ღირსეული მემკვიდრე ჩვენი პირველი პატრიარქების და იმ დროინდელი სასულიერო წოდები", - თქვა ბერძენიშვილმა.