10 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი და თანადამფუძნებლის, ბადრი ჯაფარიძის, საქმის არსებითი განხილვა იწყება, - წერს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლი მამუკა ხაზარაძე.
"ხვალიდან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ მიტაცებულ სასამართლოში გადაინაცვლებს მისივე პირადი იურისტის, უდიპლომო გენერალური პროკურორის - შალვა თადუმაძის მიერ თეთრი ძაფით შეკერილი საქმე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც კანონთან, არც სამართალთან, არც საღ აზრთან!" - წერს ხაზარაძე.
ხაზარაძე წერს, რომ ეს პროცესი ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესი იქნება და საერთაშორისო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას პროცესზე იწვევს.
"რათა იხილოთ როგორია ბიძინას სასამართლო და გაეცნოთ საქმეს, რომელიც კიდევ ერთხელ ახდის ფარდას ივანიშვილის მიერ შექმნილ ჭაობს, დალპობით რომ ემუქრება სახელმწიფოსაც და ამ სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანების მომავალსაც. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - #ესდასრულდება!" - წერს მამუკა ხაზარაძე.
თიბისი ბანკის დამფუძნებლებს ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარუდგინეს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 700-700 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ასევე, ორივე მათგანს აეკრძალა ქვეყნის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილების და ნებართვის გარეშე.