ცესკო და უმაღლესი სასწავლებლები იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის საარჩევნო სამართლის სწავლების კურსს ნერგავენ
თბილისი.28.09.10."ჯი-ეიჩ-ენი". დღეს, საარჩევნო ადმინისტრაციამ და საქართველოს რვა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმის მიხედვით აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთათვის საარჩევნო სამართლის სალექციო კურსის სწავლება დაინერგება. სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტების რექტორებმა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.
როგორც დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, ერთ სემესტრიან სალექციო კურსს იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებისათვის წაიკითხავენ ცენტრის საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ტრენერთა ჯგუფის წარმომადგენლები. სალექციო კურსის მასალა და სახელმძღვანელოები მთლიანად ცენტრის ტრენერთა მიერ არის მომზადებული, რომლის მიზანია თეორიულ ცოდნასთან ერთად, იურიდიული კაზუსებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების ბაზაზე, სტუდენტების ცოდნის გაღრმავება საარჩევნო საკითხების შესახებ.
სალექციო კურსზე დასწრების შემდეგ, იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსების სტუდენტები ასევე გაივლიან სტაჟირებას თბილისის საარჩევნო ოლქებში. კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე კი დაგეგმილია იურიდიული კლინიკის დაარსება, რომელიც ცესკოს იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად ხელს შეუწყობს სტუდენტთა ცოდნის გაღრმავებას საარჩევნო დავების საკითხებში.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, კავკასიის უნივერსიტეტმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტმა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტმა, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტმა.
როგორც დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, 2010 წელს კავკასიის უნივერსიტეტში, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გურამ თავართქილაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება საპილოტე პროექტი. 2011 წლიდან, ტრენერთა ჯგუფი საარჩევნო სამართლის კურსებს წაუკითხავს მემორანდუმზე ხელმომწერ დანარჩენ უნივერსიტეტების სტუდენტებს. სამომავლოდ დაგეგმილია ამ პროექტის განხორციელება საქართველოს რეგიონებში არსებულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებშიც.