დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელისაბედ მეორეს პარლამენტის საქმიანობის შეჩერების ირგვლივ წარმოშობილი უსიამოვნების გამო, ბოდიში მოუხადა. იტყობინება ბრიტანული გამოცემა Sunday Times-ი.
გამოცემა, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დედოფალი შეშფოთებული იყო ჯონსონის გადაწყვეტილებით, შეეჩერებინა პარლამენტი საქმიანობა, ჯერ კიდევ მანამ სანამ უზენაესი სასამართლო პრემიერის ამ გადაწყვეტილებას უკანონდ ცნობდა.
მედიის ცნობით, ბორის ჯონსონმა დედოფალს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ დაურეკა და თავისი წუხილი გამოხატა.
შეგახსენებთ, სამშაბათს, 25 სექტემბერს, ბრიტანეთის პარლამენტმა განაახლა მუშაობა მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლოს უკანონოდ ცნო პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, პარლამენტის საქმიანობის შეჩერების თაობაზე.
მანამდე პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მიიღო დედოფლის თანხმობა პარლამენტის საქმიანობის შეჩერებაზე, 10 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე.
პრემიერ-მინისტრს მკაცრად აკრიტიკებდნენ ამ გადაწყვეტილების მიღების გამო, რადგან თვლიდნენ, რომ ის ევროკავშირის დატოვებას შეთანხმების გარეშე აპირებდა, პარლამენტის საქმიანობის შეჩერება კი მეტად გაუადვილებდა პროცესის თავისი შეხედულებისამებრ წარმართვას. მას ასევე კიცხავდნენ იმის გამო, რომ მან დედოფალს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და შეცდომაში შეიყვანა.