შეწყალების საკითხში, მოქმედი პრეზიდენტის სტატისტიკა, გარკვეულწილად დაუახლოვდა ევროპულ და დასავლურ სტანდარტებს - კობახიძე
მნიშვნელოვანია, რომ შეწყალების პრაქტიკა არსებითად და ფუნდამენტურად დაიხვეწოს. გარკვეული გაუმჯობესება გვაქვს ჩვენს სტატისტიკას რომ გადავხედოთ. სტატისტიკური კუთხით, გარკვეულწილად დაუახლოვდა მოქმედი პრეზიდენტის სტატისტიკა ევროპულ და დასავლურ სტანდარტებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის სტატისტიკა შეწყალების კუთხით დასავლურ და ევროპულ სტანდარტებს აბსოლუტურად აცდენილი იყო.
„ჩვენ მუდმივად გვქონდა საუბარი იმაზე, რომ აბსოლუტურად აცდენილი იყო წინა პრეზიდენტის სტატისტიკა შეწყალების კუთხით დასავლურ, ევროპულ სტანდარტებს. აქ გვაქვს გარკვეული დაახლოება, თუმცა ზოგადად, დამატებით საჭიროა, დაიხვეწოს შეწყალების პრაქტიკა. გაგვიჭირდება რაიმე მკაცრი რეგულაციების დაწესება, თუმცა რეგულაციებზეც შეიძლება ფიქრი. მთავარია, პრეზიდენტებმა ჩამოაყალიბონ ისეთი პრაქტიკა, რომლიც ყველაზე მეტად შეესაბამება შეწყალების იურიდიულ არსს“, - თქვა კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. დავით ოთხმეზური პეკინის გამზირისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთასთან 2004 წლის 27 ოქტომბერს მოკლეს. ასლან ბეჟანიძე პოლიციამ 12-წლიანი ძებნის შემდეგ, 2016 წლის 26 მარტს დააკავა, თუმცა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა მაშინ ბრალდებული გაამართლეს. მოგვიანებით, 2018 წლის 2 მარტს ასლან ბეჟანიძე კვლავ დააკავეს. ამავე წლის 29 მარტს კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, მას განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.
მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძე შეიწყალა. რამაზ დევაძეს პოლიციელის მკვლელობისთვის 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ რამაზ დევაძეს პოლიციეი თარაშ მუკბანიანთან შელაპარაკება მოუვიდა. ხუბის დროს მას სამსახურებრივი იარაღი წაართვა და თავის არეში ჭრილობა მიაყენა. მუკბანიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.