საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში გასულ სიუჟეტს ეხმაურება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრისა და კინოს უნივერსიტეტიდან აცნობეს, 24 სექტემბერს "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გამოშვებაში "კურიერში" გავიდა სიუჟეტი "პრობლემები თეატრალურ უნივერსიტეტში", რომელშიც საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები (სპეციალობა "აუდიო-ვიზუალური მედიაკომუნიკაცია") უნივერსიტეტის ყოფილი ასოცირებული პროფესორის, ქალბატონ მანანა ითონიშვილის თეატრალური უნივერსიტეტიდან "იძულებით" წასვლასთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამდნენ.
"აღსანიშნავია, რომ სიუჟეტის ბოლო რამდენიმე წამი დაეთმო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გიორგი მარგველაშვილსაც, თუმცა, რატომღაც, მისი 8-10- წუთიანი ინტერვიუს მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი მოხვდა ეთერში. არ გვინდა ვიფიქროთ, რომ "რუსთავი 2"-მა შეგნებულად, ტენდენციურად და მიკერძოებულად გააშუქა აღნიშნული სიტუაცია, თუმცა, რეალობა, სამწუხაროდ ამგვარი ეჭვების საფუძველს ტოვებს. ერთი რამ Dძალზე უცნაურია, კერძოდ, კი 2004 წლის შემდეგ, როცა საქართველოში მიღებულ იქნა კანონი "უმაღლესი განათლების შესახებ" და უმაღლეს აკადემიურ სფეროში აქტიური რეფორმა მიმდინარეობს, სრულიად ჩვეულებრივ მოვლენად იქცა უნივერსიტეტების მასშტაბით პედაგოგთა მიგრაცია. ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორ-მასწავლებელთა მოძრაობა არასოდეს გამხდარა რომელიმე ტელეკომპანიის ყურადღების ღირსი", - ნათქვამია უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, უნივერსიტეტში ამტკიცებენ, რომ სიუჟეტში რამდენიმე უზუსტობა იყო, კერძოდ კი, სიუჟეტში აღნიშნული იყო, რომ მანანა ითონიშვილი თეატრალური უნივერსიტეტიდან "გააგდეს", რაც სიცრუეა, რადგანაც მან 13 სექტემბერს პირადი განცხადებით (#1242/01-23 - 13.09.2010) მიმართა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორსა და აკადემიურ საბჭოს - მის მიერ აკადემიური თანამდებობის (ის გახლდათ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი) დატოვების შესახებ, რადგანაც მან ღია და გამჭვირვალე კონკურსის წესით დაიკავა აკადემიური თანამდებობა (ასევე ასოცირებული პროფესორის) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე სიუჟეტში ითქვა, რომ "დაზარალებული" და "ბედის ანაბარად მიტოვებული" სტუდენტები ორი კვირის განმავლობაში ამაოდ ეძებენ "ნუგეშს, ყურადღებასა და სამართალს".
უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წელი პირველკურსელი სტუდენტებისათვის დაიწყო 20 სექტემბერს, ანუ, მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტმა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის მიერ ხელმოწერილი ბრძანება უნივერსიტეტში პირველ კურსზე სტუდენტთა ჩარიცხვის შესახებ. აღნიშნული სიუჟეტი "რუსთავი 2"-ზე გავიდა 24 სექტემბერს, საღამოს. უნივერსიტეტში პირველკურსელთა აკადემიური კალენდარი დაიწყო 20 სექტემბერს, შესაბამისად, აქ ნახსენები "ორი კვირა" არანაირად არ შეესაბამება რეალობას. სიცრუეა ისიც, რომ სტუდენტებს სასწავლო პროცესი დაუგეგმავი და მოუწესრიგებელი დახვდათ. რაც შეეხება სიუჟეტში გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ გაუქმებულია კოტე მახარაძის სახელობის აუდიტორია, სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნული აუდიტორია მდებარეობს უნივერსიტეტის I კორპუსში, რუსთაველის გამზირზე, #19-ში.