ომი არა ქართველებსა და აფხაზებს შორის იყო, არამედ ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობის წინააღმდეგ, _ ასე შეაფასა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმენდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აფხაზეთის ომი.
პატრიარქმა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია აღავლინა, რომლის დასრულების შემდეგ იქადაგა.
"ზოგიერთს სურს ჩვენი გათიშვა, რათა იბატონოს. ქართველებმა და აფხაზებმა უნდა შევუნდოთ ერთმანეთს, უნდა მივუსამძიმროთ ერთმანეთს. ამაშია გადარჩენა. ჩვენი მწუხარება სიხარულით შეიცვლება. იყოს ნება ღვთისა", - აღნიშნა უწმინდესმა.
ქადაგების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა აფხაზეთში დაღუპული მეომრების სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა.
სამების საკათედრო ტაძარში პანაშვიდს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გია ბარამია და აფხაზეთის უზენაესი საბჭოს წევრები დაესწრნენ.