ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგიულებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა და სამინისტროს თანამშრომლებმა აფხაზეთის ომში დაღუპულები გაიხსენეს. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან გვირგვინი აიტანეს და დაუპულთა დედებსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დაღუპული გმირების დაწყებული საქმე გაგრძელდება და დაკარგული ტერიტორიები აუცილებლად დაბრუნდება.
"ყურში Aხლაც ზარივით ჩამესმის შევარდნაძემ სოხუმის დაცემა რომ გამოაცხადა. მაშინ პატარა ვიყავი და ეს დღეს კარგად მახსოვს. ეს ბიჭები იბრძოდნენ თავისუფლებისთვის რუსული ოკუპაციისს და რუსული ჯარების წინააღმდეგ. ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. მათი დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ეს არის ქვეყნის აღმშენებლობა და საბოლოო ჯამში ჩვენი აფხაზეთისა და სამაშაბლოს დაბრუნება. ჩვენს გასაკეთებელ საქმეს გავაგრძელებთ და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ", _ განაცხადა სუბელიანმა.
სოხუმის დაცემიდან 17 წელი გავიდა. 1993 წლის 16 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ 27 ივლისის სოჭის ხელშეკრულება დაარღვია და სოხუმზე შტურმი დაიწყო. აფხაზეთში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი აფხაზეთში 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. საომარ მოქმედებებში ქართული მხარიდან 10 ათასამდე მოქალაქე და ჯარისკაცი დაიღუპა. 500 ათასამდე ადამიანი კი, დევნილად იქცა.