ევროკომისიის არჩეული პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისრების გუნდის წარდგენას მომავალი კვირის დასაწყისში გეგმავს. იუწყება Politico წყაროზე დაყრდნობით.
"როგორც ჩანს, ქალბატონი პრეზიდენტი გუნდის წარდგენას მომავალი კვირის დასაწყისში, მაქსიმუმ სამშაბათს, გეგმავს", - აცხადებს წყარო, რომელიც ურსულა ფონ დერ ლაიენის გერმანელ პარლამენტარებთან შეხვედრას ესწრებოდა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის გუნდის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომ შესაძლოა, მომავალი კვირის დასაწყისში მართლაც მოხდეს ევროკომისრების წარდგენა, თუ იმ დროისთვის, იტალიას უკვე ნომინირებული ეყოლება თავისი კანდიდატურა.
გერმანელ პარლამენტარებთან შეხვედრისას, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ის ელოდება იტალიისგან ევროკომისრის კანდიდატურის წარდგენას.
ევროკომისიის პირველი ქალი პრეზიდენტი მუშაობას პირველი ნოემბრიდან შეუდგება.