"ეს არის იმედის დღე, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით სოხუმში", - ასეთი იყო დღეს შეფასებები გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალის გვირგვინით შემკობის დროს.
სოხუმის დაცემის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მოედანზე მემორიალთან პოლიტიკოსები და საზოგადოების წევრები შეიკრიბნენ და აფხაზეთის ომში დაღუპულ ქართველ გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.
"ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ დღეს, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ჩემი ოჯახის წევრები. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის დამნაშავემ პასუხი აგოს", - აღნიშნა მოძრაობა "ჩვენ თვითონ"-ის ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ.
ამას გარდა, წუხელ გვიან ღამით, გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალთან წუხელ გვიან ღამით მშვიდობიანი აქცია - "ჩვენ ერთი გული გვაქვს" გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთში დაღუპული აფხაზი და ქართველი ჯარისკაცების დედებმა, სტუდენტებმა, პარლამენტის წევრებმა, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა.
აღნიშნულ აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი.
იქვე გაიმართა ახალი სიმღერის "ახალი გზა" კლიპის პრეზენტაცია.
დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდება.
"ყველამ უნდა იცოდეს, რომ ქართველები, აფხაზები და ოსები, რომლებიც ისტორიულად ყოველთვის ერთად მშვიდობიანად ცხოვრობდნენ მომავალშიც იცხოვრებენ. დარწმუნებული ვარ, მალე დადგება ის დრო, როდესაც და ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში და ცხინვალში", - აღნიშნა გიორგი ბარამიამ.
აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას აფხაზმა დედამ აფხაზურად მიმართა და ქართველ და აფხაზ ხალხს ერთიანობისკენ მოუწოდა.
"შვილმკვდარ დედებს ერთი ტკივილი გვაერთიანებს. განსაკუთრებით გამძაფრებულია ეს გრძნობა ძმათა შორის ომში დაღუპულ მემორიალთან. ამ მემორიალის თითოეული ნაწილი არის კონკრეტული ადამიანების ცხოვრების ნაწილი და იმავდროულად სახსოვარი იმ არაადამიანური ტრაგედიისა, რომელიც ჩვენ ერთად გადავიტანეთ მესამე ძალის პოლიტიკური ზრახვების გამო. მხოლოდ დედების საერთო გულისტკივილსა და ერთობას შეუძლია გაუმკლავდეს ამ ტრაგედიის შედეგებს. გავერთიანდეთ და ერთად ვიცხოვროთ საერთო ოჯახში. ასეთ შემთხვევაში ვერანაირი მესამე ძალა ვერ ხელყოფს ქართველთა, აფხაზთა და ოსთა ერთობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას", - განაცხადა აფხაზეთში დაღუპული აფხაზი ჯარისკაცის დედამ დარიკო შარბობსკაიამ.
დიმიტრი სანაკოევის შეფასებით, კი დღეს ტრაგიკული დღეა როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის და ოსებისთვის.
"იმედი მაქვს საქართველოში არანაირი ომი და კონფლიქტი აღარ განმეორდება. ჩვენ დღეს იმ ადამიანებს, რომლებიც ე.წ. საზღვრების მიღმა დარჩნენ უწვდით მეგობრობის და შერიგების ხელს, იმისთვის, რომ არასდროს აღარ დაიღვაროს ძმათა სისხლი", - აღნიშნა სანაკოევმა.
ამას გარდა, სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით წუხელ გვიან ღამით მშვიდობიანი აქცია "გადაძახილი მსოფლიოს" განმუხურის მშვიდობის ხიდზეც მოეწყო, აქციის ბოლოს მომღერალმა ელენე ფოჩხუამ ქართული ნანა შეასრულა.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათი მიზანია მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახონ თუ რა შედეგები მოჰყვა რუსულ აგრესიას.