პარტია "ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. მისი თქმით, გახარიამ ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე წარდგენა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის პოლიტსაბჭოზე, მე როგორც თავმჯდომარემ, წარვადგინე პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატურა გიორგი გახარიას სახით და მივიღე სრული მხარდაჭერა. შემდგომ შეხვედრა გვქონდა უმრავლესობასთან და იქ კითხვები არ დასმულა. ეს არის ჩვენი არჩევის ობიექტური შეფასება. ჟურნალიტებიც და საზოგადოებაც კარგად იცნობს გიორგი გახარიას. ვფიქრობ, მან საკუთარი საქმიანობით, დაწყებული ბიზნესომბუდსმენიდან, შემდეგ იგი იყო ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, მან ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე წარდგენა. ვფიქრობ, პარლამენტი მას აუცილებლად დაამტკიცებს. კიდევ ერთხელ მინდა, წარმატებები ვუსურვო მომავალ საქმიანობაში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ მთავრობაში 2017 წლის 13 ნოემბრიდან შინაგან საქმეთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობებს იკავებს. ასევე ის არის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.
2016 წლის 27 ნოემბერი-2017 წლის 13 ნოემბრის პერიოდში გიორგი გახარია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო, მანამდე ეკონომიკურ საბჭოს ხელმძღვანელობდა, ასევე იკავებდა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას.