გერმანელმა სამართალდამცავებმა მიუნხენის აეროპორტში მგზავრი დააკავეს, რომელმაც შემოწმების გავლის ნაცვლად ტერმინალი საავარიო გასასვლელით დატოვა. ამ ერთი შეხედვით უწყინარმა ქმედებამ 5000 მგზავრის აეროპორტში პარალიზება და 200-მდე რეისის გაუქმება გამოიწვია. ამის შესახებ The Washington post-ი წერს.
20-25 წლის მამაკაცმა (ზუსტ ასაკს პოლიცია არ ასაჯაროებს), ტრანზიტული ფრენის დროს, სტანდარტული საპასპორტო კონტროლის გავლის ნაცვლად საავარიო გასასვლელი გახსნა და მიუხედავად სიგნალიზაციის ჩართვისა, სვლა გააგრძელა. სამართალდამცავების განცხადებით, საავარიო გასასვლელით მამაკაცი საპირფარეშოში შევიდა და უკან დაბრუნებისას გაკვირვებული დარჩა, რადგან იქ აღარავინ იმყოფებოდა.
პოლიციის განცხადებით, ინციდენტი განზრახ არ მომხდარა, შესაბამისად, მგზავრის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.
„დროებით დაიხურა პირველი და მეორე ტერმინალი, რამაც 5000 მგზავრის რამდენიმე საათით დაყოვნება და 200-მდე რეისის გაუქმება გამოიწვია. შემთხვევის შედეგად დაზარალებულ მგზავრებს, ჩასხდომის პროცედურის ხელახლა გავლა მოუწიათ“,- განაცხადა მიუნხენის აეროპორტის სპიკერმა რობერტ ვილჰელმმა.
პოლიცია არ ასახელებს მამაკაცის სახელსა და გვარს, თუმცა ცნობილია, რომ ის 20-25 წლის ესპანეთის მოქალაქეა, რომელიც ბანგკოკიდან მიუნხენის გავლით, მადრიდში ბრუნდებოდა.
მიუნხენის აეროპორტი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული საავიაციო ჰაბია. ინციდენტი კი პიკის საათში მოხდა.
წინა წელს, მიუნხენის აეროპორტში, მსგავსი შემთხვევის შედეგად, 330 რეისი გაუქმდა.